გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
"ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, არის ლოგიკური გაგრძელება იმ ისტორიული გამარჯვებების, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა ჯერ დეპორტირებულების საქმეზე და შემდეგ უკვე 2008 წლის ომის საქმეზე" - ამ განცხადებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
"დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას დაეკისრა საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, არის ლოგიკური გაგრძელება იმ ისტორიული გამარჯვებების, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა ჯერ დეპორტირებულების საქმეზე და შემდეგ უკვე 2008 წლის ომის საქმეზე. ეს არის ძალიან მკაფიო ინდიკაცია, თუ როგორ ახდენს საქართველოს ხელისუფლება მშვიდად, გონიერებით, თანმიმდევრულად ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და სუვერენიტეტის განმტკიცებას შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა გამოიხატება არა მხოლოდ ცალკე აღებული ასობით მილიონი ევროს გადახდის კომპენსაციაში, არამედ თვითონ ამ გადაწყვეტილებების შინაარსში, რომელიც უნდა გახდეს სამართლებრივი საფუძველი დევნილების მათ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების და ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის," - აცხადებს ბექა ძამაშვილი.
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე, ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები გაიზიარა და შედეგად, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 ათასზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. ამ საქმეზე, 2024 წლის 9 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს დაეკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივ შევიწროებაზე, დაკავებებზე და მკვლელობებზე.