ბექა ძამაშვილი: 20-21 ივნისის საქმეზე კითხვის ნიშნები გაჩნდა გამოყენებული ძალის პროპორციულობაზე, მიმდინარე გამოძიება ვალდებულია, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში გაითვალისწინოს

ბექა ძამაშვილი

ევროპულმა სასამართლომ შეაფასა საქართველოს კანონმდებლობა შეკრება-მანიფესტაციებსა და პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით რაიმე შენიშვნა, ხარვეზი არ დაუფიქსირებია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილმა განაცხადა,

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა და შეაფასა საქართველოს კანონმდებლობა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით და პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით რაიმე შენიშვნა, ხარვეზი არ დაუფიქსირებია. ასევე, ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ როდესაც თავდასხმა ხდება სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პოლიციაზე, ასეთ დროს სახელმწიფოს შეუძლია სპეციალური საშუალებების და ძალის გამოყენება. კითხვის ნიშნები გაჩნდა გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით. კერძოდ, რამდენად შეიძლებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან მიყენებული ზიანის მინიმიზაცია, ხომ არ შეიძლებოდა სპეციალური საშუალებების ისე გამოყენება, რომ ეს ზიანი საერთოდ არ დამდგარიყო? ამ მიმართულებით იყო კითხვის ნიშნები და მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, გარკვეული მითითებები გაკეთდა, რომ გამოძიებას ყურადღება ამ ასპექტებზე უნდა გაემახვილებინა.

შესაბამისად, ახლა მიმდინარე გამოძიება ვალდებულია, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში გაითვალისწინოს და ეს გადაწყვეტილება მათთვის, ფაქტობრივად, სახელმძღვანელო დოკუმენტია“,- განაცხადა ძამაშვილმა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.