1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, ექვსი ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრის მანძილზე ახალი გათოვლიანების სისტემა. ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელიც დამონტაჟდა ბაკურიანში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბაკურიანში განაცხადა, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები და ინფრასტრუქტურულ პროექტები დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის მიერ ჯამში, 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა ჩვენი მთავრობის მიერ. სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, ექვსი ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრის მანძილზე ახალი გათოვლიანების სისტემა. ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელიც დამონტაჟდა ბაკურიანში. ჩვენ ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას, რომელიც ოფიციალურ სტარტს აიღებს 18 თებერვალს და 5 მარტამდე გაგრძელდება. დიდი პატივია, რომ ვუმასპინძლოთ ამ ჩემპიონატს. 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონატში. ყველაფერი, რაც აქ გაკეთდა, დარჩება ბაკურიანს და საქართველოს. ჯამში, 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ჩვენი მთავრობის მიერ და ეს უნიკალური ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სისტემები მოეწყო იმისთვის, რომ ღირსეულად ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი.
ასევე გეტყვით, რომ ჩვენ დავიწყეთ მზადება 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩასატარებლად. ვგეგმავთ, მოვაწყოთ, აღვადგინოთ ტრამპლინები, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნება ამ ოლიმპიადის ფარგლებში. ბაკურიანი უნდა იყოს მუდმივად მზად, რათა უმასპინძლოს ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატებს. რა თქმა უნდა, დამსვენებელი უნდა იყოს კმაყოფილი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი და ჩვენ ყველას ეს გვახარებს. ასე, რომ გილოცავთ ყველას, საქართველო მზად არის, რომ უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს“, – განაცხადა პრემიერმა.