„ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეტა, რომ ამ თვალსაზრისით მძიმე მემკვიდრეობა დაეტოვებინა პრეზიდენტი ტრამპისთვის“ - ლადო ბოჟაძე „მეგობარ აქტზე“

ვლადიმერ

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა "მეგობარ აქტს", რომელიც გუშინ დახურულ რეჟიმში განიხილეს.

შეგახსენებთ, "მეგობარი აქტი" საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს.

მის ძალაში შესვლას კონგრესის ორივე პალატის შესაბამისი კომიტეტის, შემდეგ კი მთლიანი პალატების მიერ დამტკიცება სჭირდება.

"მეგობარი აქტი" ვერ იმოქმედებს ამერიკა საქართველოს ურთიერთობებზე - აცხადებენ უმრავლესობაში. მათი განმარტებით, ეს არის ბაიდენის პოლიტიკის მძიმე მემკვიდრეობა, რომლის მიუხედავადაც ქვეყნებს შორის ურთიერთობის განახლება მაინც მოხდება.

"ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეტა იმისთვის, რომ ამ თვალსაზრისით მძიმე მემკვიდრეობა დაეტოვებინა პრეზიდენტი ტრამპისთვის, ახლაც ეს ის ადამიანები არიან, ვინც, თავის დროზე მოახდინეს ამ აქტის ინიციირება და შეუერთდნენ ის ადამიანები, ვინც თავიდანვე უსამართლოდ იყვნენ ჩვენდამი განწყობილნი. ველოდებით, ადმინისტრაციასთან გადატვირთვას და ასეთი აქტის მიღება, ვგულისხმობ კომიტეტში მიღებას, რა თქმა უნდა, ახალ ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.