ბადრი ჯაფარიძე: მთავარი ამოცანაა, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი იმ უმძიმესი შედეგებისგან, რომელიც შეიძლება, მოიტანოს „ქართული ოცნების“ ავანტიურამ

ბადრი ჯაფარიძე

ჩვენი ამოცანაა, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი ყველამ ერთად დავიცვათ იმ შესაძლო უმძიმესი ზიანისგან, რომელიც შეიძლება, ჩვენ ქვეყანასა და ჩვენ ხალხს მიადგეს „ქართული ოცნები“ მიერ წამოწყებული ავანტიურის შედეგად, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„იყვნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები, მაგრამ მთავარი თემა არის ის, როგორ ავაცილოთ ჩვენს სახელმწიფოს ის შესაძლო გამოუსწორებელი ზიანი, რასაც უქადის მას „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურა. მთავარი ამოცანაა, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი იმ შესაძლო უმძიმესი შედეგებისგან, რომელიც შეიძლება, მოუტანოს ამ ავანტიურამ და ეს არის ძირითადი განხილვის საგანი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ის აპირებს დაესწროს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას, რომელიც ხვალიდან უნდა დაიწყოს.

„მე ვაპირებ, რომ დავესწრო, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რა პოზიცია ჰქონდათ ელჩებს საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ პროცესთან დაკავშირებით, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ელჩებთან „სასამართლოს თემებს არ განიხილავენ“.

✕