აზერბაიჯანულმა კომპანია „სოკარმა“ ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება საქართველოს გავლით დაიწყო

გაზის მიწოდება საქართველოს გავლით დაიწყო

აზერბაიჯანულმა კომპანია „სოკარმა“ საქართველოს გავლით ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპული სეგმენტის, „ტრანსადრიატიკული მილსადენის“ მეშვეობით ტრანსპორტირებული გაზის მნიშვნელოვანი მოცულობის გაყიდვით აზერბაიჯანი აზერბაიჯანული გაზის ექსპორტში მომდევნო მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს.

იტალიის გავლით ავსტრიასა და გერმანიაში მიწოდება კიდევ უფრო აფართოებს აზერბაიჯანული გაზის გეოგრაფიას ევროპაში, რაც მყიდველი ქვეყნების რაოდენობას 16-მდე ზრდის.

აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) მეშვეობით 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. მილსადენის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი იყო, თუმცა შესაძლებელია მისი გაზრდა 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე წელიწადში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკომისიამ შეთანხმებას მიაღწიეს ევროპაში გაზის მიწოდების გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის. დღემდე TAP-მა ევროპას 54.3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. 2025 წელს აზერბაიჯანმა 51.5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გამოიმუშავა. ამ პერიოდში გაზის ექსპორტმა სულ 25.2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. აქედან 12.8 მილიარდი კუბური მეტრი ევროპას მიეწოდა, 9.6 მილიარდი კუბური მეტრი – თურქეთს (მათ შორის, 5.6 მილიარდი TANAP-ის მეშვეობით), 2.3 მილიარდი კუბური მეტრი – საქართველოს და 0.5 მილიარდი კუბური მეტრი – სირიას.