აზერბაიჯანული ბენზინით დატვირთული მატარებელი საქართველოს გავლით სომხეთში ჩავიდა

აზერბაიჯანული ბენზინით დატვირთული მატარებელი

აზერბაიჯანული ბენზინით დატვირთული მატარებელი საქართველოს გავლით სომხეთში ჩავიდა. ინფორმაციას სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„22 ვაგონისგან შემდგარმა მატარებელმა, რომელიც 1300 ტონა აზერბაიჯანული A-95 მარკის ბენზინით არის დატვირთული სომხეთ-საქართველოს საზღვარი „აირუმის“ გამშვებ პუნქტში გადაკვეთა“, - დაწერა პაპოიანმა.

მისი თქმით, მატარებელი აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით ჩავიდა.

„ეს არის პირველი სავაჭრო-ეკონომიკური გარიგება არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობის შემდეგ, არამედ თავისუფლების მოპოვების შემდეგაც“, - დასძინა სომეხმა მინისტრმა.

აზერბაიჯანული ბენზინით დატვირთული მატარებელი აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით გუშინ დაიძრა.

ცნობისთვის, 8 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვას ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებს.