ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - ტრაგედია ოკუპორებულ გალში
1736072835
აზერბაიჯანული მედიასაშუალება Caliber-ი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარესთან, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
გივი მიქანაძე ჟურნალისტთან ბაქოში ვიზიტის შესახებ ვრცლად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს იყო საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატების პირველი საგარეო ვიზიტი.
"ამით, ფაქტობრივად, ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მოძმე აზერბაიჯანთან ურთიერთობა", - აღნიშნავს მიქანაძე.
მისივე თქმით, "საკანონმდებლო დიპლომატიის" გზით, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება კიდევ უფრო გააფართოებს თანამშრომლობის სფეროებს.
"უკვე შედგა პოზიტიური კომუნიკაცია ორი პარლამენტის სპიკერებს შორის და ჩამოყალიბდა განსაკუთრებული ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის. ჩვენი წინადადება იყო, მაქსიმალურად აქტიურად მივუდგეთ კონკრეტულ სფეროებს, რათა ორი პარლამენტის კომიტეტებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ. ეს უნდა იყოს არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე, არამედ მეგობრობის ჯგუფების დონეზეც - მათ შეუძლიათ კოორდინაცია და ამ პროცესში დამატებითი დინამიკის შეტანა", - აღნიშნავს მიქანაძე.
მისივე განცხადებით, ეს წინადადება პოზიტიურად მიიღო აზერბაიჯანულმა მხარემ და შეთანხმების ტექსტზე მუშაობა დაიწყება.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აღწერდა აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობას 2024 წელს და რას უნდა ველოდეთ 2025 წლის განმავლობაში, გივი მიქანაძე პასუხობს:
"2024 წელს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ჰარმონიული. მხარეებმა მიაღწიეს ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მაღალ დონეს, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესებს, ისტორიულ კავშირებსა და ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობას.
განსაკუთრებული როლი ითამაშა ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროში განხორციელებულმა პროექტებმა, რომლებიც ხელს უწყობს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.
2025 წლის პერსპექტივები ოპტიმისტურად გამოიყურება. მოსალოდნელია ერთობლივი ეკონომიკური ინიციატივების შემდგომი განვითარება, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ენერგეტიკული მიმართულებით, როგორიცაა ტრანსკასპიური მარშრუტი. ასევე, მნიშვნელოვან ასპექტად რჩება თანამშრომლობა არა მხოლოდ აზერბაიჯანსა და საქართველოს, არამედ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, რადგან ჩვენი ქვეყნები ეკონომიკურად ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. აქედან გამომდინარე, არსებობს როგორც ორმხრივი, ასევე სამმხრივი ფორმატები, რომელშიც ჩვენი ქვეყნები მონაწილეობენ.
ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება, კულტურული დიალოგის განვითარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება კვლავაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ ურთიერთობების განმტკიცებაში".
მისივე თქმით, იზრდება ჩინეთის ინტერესი აზერბაიჯანისა და საქართველოს მიმართ.
"წელს საგრძნობლად გაიზარდა ჩინეთიდან სატვირთო მიმოსვლა საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით. ჩვენ ასევე ვცდილობთ, განვავითაროთ თანამშრომლობა აზერბაიჯანთან საზღვაო ტვირთების გადაზიდვის სფეროში - ვაფართოებთ ბათუმისა და ფოთის პორტების შესაძლებლობებს, ვაშენებთ ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალს ანაკლიაში, რომელსაც გაცილებით დიდი პოტენციალი ექნება", - აცხადებს მიქანაძე.
ის ხაზს უსვამს, რომ საჭიროა, თანამშრომლობა გაძლიერდეს ყველა დონეზე.
"17 იანვარს იგეგმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში, რომლის დროსაც ორი ქვეყნის ეკონომიკური კომისიების სხდომა გაიმართება და კონკრეტული საკითხები განიხილება ახალი პროექტების დაწყებასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს გივი მიქანაძე.
მან რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"რა თქმა უნდა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესი სამხრეთ კავკასიაში, რადგან მშვიდობა რეგიონში ახალი გლობალური პროექტებისა და ინიციატივების განვითარების ძირითადი პირობაა. საქართველო ყოველთვის მზადაა, იყოს ამ პროცესის აქტიური მონაწილე, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიიღწეს სამშვიდობო ხელშეკრულება ბაქოსა და ერევანს შორის. დიდია ალბათობა იმისა, რომ 2025 წელს სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება. ჩვენ მხოლოდ მოხარულნი ვიქნებით, თუ ეს თბილისში მოხდება", - აცხადებს ის.
ჟურნალისტმა გივი მიქანაძეს ჰკითხა: "რას იტყვით დასავლეთის ზეწოლაზე საქართველოს ხელისუფლებაზე? რა დასკვნების გამოტანა შეიძლება აქედან? შეიცვლება თუ არა სიტუაცია 2025 წელს?" - რაზეც მიქანაძე პასუხობს:
"სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს მიზანმიმართული ორმაგი, მე ვიტყოდი, სამმაგი მიდგომა ჩვენს ქვეყნებთან მიმართებით. რატომღაც, შესაძლებელია საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში ზოგიერთი კანონის მიღება, მაგრამ საქართველოში, რატომღაც, შეუძლებელია მსგავსი და კიდევ უფრო ლიბერალური კანონების მიღება. ვხედავთ, რომ დასავლეთი არ ეთანხმება პოლიტიკას, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის ოჯახურ და ეროვნულ ფასეულობებს, კულტურულ და ისტორიულ ტრადიციებს. საქართველოსთვის კი, ხალხის უმრავლესობისთვის, ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დასავლური თვალსაზრისით, ჩვენ მხოლოდ ისეთ ნარატივებს უნდა დავუჭიროთ მხარი, რომლებიც მნიშვნელოვანია ზოგიერთი უმცირესობისთვის და რომელიც არაა თანხვედრაში ჩვენი საზოგადოების ტრადიციულ ღირებულებებთან. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ დასავლური ქვეყნების უმრავლესობისთვის მიუღებელი იყო, რომ მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" 54%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა".
გივი მიქანაძის განცხადებით, არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ 12 წლის განმავლობაში, რაც მმართველი პარტიაა ხელისუფლებაში, გადაიდგა ის ნაბიჯები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და მისაღებია მოსახლეობისთვის.
"რაც მთავარია, ჩვენ მშვიდობა შევინარჩუნოთ: ეს არის პირველი მთავრობა 1991 წლის შემდეგ, რომელმაც შეძლო საქართველოში სტაბილური მშვიდობის მიღწევა. ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რა წინააღმდეგობების წინაშე დგას აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელი ხალხი, ისევე როგორც თქვენ გესმით, რა დაბრკოლებების წინაშე ვდგავართ ჩვენ. ამიტომ, ვფიქრობ, ბევრი ქვეყანა ინტერესით ადევნებს თვალს, თუ როგორ აძლიერებენ საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან ურთიერთობას ყველა მიმართულებით. ზოგი ამას უკმაყოფილებითა და შურით უყურებს, მაგრამ ეს მათი საქმეა. ჩვენ ვიცით, რომ ისტორიაში არსებობდნენ იმპერიები, რომლებმაც დაიპყრეს ნახევარი მსოფლიო და მართავდნენ უზარმაზარ ტერიტორიებსა და ხალხებს, მაგრამ დღეს მათ მსოფლიო რუკებზე ვერ ნახავთ. ჩვენმა შედარებით პატარა ქვეყნებმა და ხალხებმა კი შეძლეს, შეენარჩუნებინათ თავიანთი დამოუკიდებლობა და გადარჩენა, რადგან ჩვენ ყოველთვის მივდევდით იმ ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლებიც ჩვენს იდენტობასა და თვითმყოფადობას ეფუძნება".
გივი მიქანაძის თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ორმაგი სტანდარტები ძალიან ნათლად ჩანს", 2025 წელს საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსს არ გადაუხვევს.