ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდეა... - კანონი, რომელიც ოქტომბრიდან ამოქმედდა
1761082146
შუა დერეფანი არ არის ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივა, ეს უნდა იყოს პირველი არჩევანი, როდესაც ვინმე იფიქრებს ტვირთის გადაზიდვაზე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, შუა დერეფანთან დაკავშირებით გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
„ძალიან სასიამოვნოა საქართველოში დაბრუნება და ასეთ გამორჩეულ პანელზე მონაწილეობა. როგორც უკვე რამდენჯერმე აღინიშნა, აბრეშუმის გზა ეს არ არის უბრალოდ მარშრუტი, ეს არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ქვეყნებს, ადამიანებს და კულტურებს ერთმანეთთან. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რაც კი შეგვეძლო, რათა ჩვენი უცხოელი პარტნიორების ყურადღება მოგვეპყრო აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და მიგვეპყრო ეს ყურადღება შუა დერეფნისკენ. ეს არ არის ალტერნატივა, ეს არის მთავარი არტერია, რომელიც აკავშირებს დასავლეთს აღმოსავლეთთან, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორები, განსაკუთრებით დასავლეთში, ისინი ამ მარშრუტს ყოველთვის ექცეოდნენ როგორც არა არტერიას, არამედ როგორც დამატებით მარშრუტს, ჩრდილოეთის მარშრუტის გარდა. ყოველთვის უგულებელყოფდნენ იმ ფაქტს, რომ შუა დერეფანი შეიძლება, უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტი“, – აღნიშნა ნაბიევმა.
ამასთან, მისივე თქმით, აზერბაიჯანი ცდილობს, თანხვედრაში იყოს ყველა პარტნიორთან, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებთან.
„2022 წლიდან მოყოლებული, ჩვენ დავინახეთ უფრო მეტი ინტერესი ამ მარშრუტის მიმართ, მაგრამ მანამდე აზერბაიჯანი ყველაფერს აკეთებდა, რაც კი შეეძლო იმისათვის, რომ დრო როცა დადგებოდა, ჩვენ ვყოფილიყავით მზად ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად. ჩვენ ფაქტობრივად განვაახლეთ სრული ინფრასტრუქტურა, ეს ეხება სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, ავაშენეთ ათასობით კილომეტრი რკინიგზის და დღემდე, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ცხრა საერთაშორისო აეროპორტი გვაქვს და სამი მათგანი ბოლო პერიოდში აშენდა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ამას არ დავჯერდით და ჩვენი საკუთარი პერიმეტრის მიღმაც, ჩვენი ინვესტიციები ჩავდეთ ინფრასტრუქტურაში ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, საქართველოში და დაახლოებით ერთი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტში. ამ დროს ჩვენ ასევე ვცდილობთ, თანხვედრაში ვიყოთ ყველა პარტნიორთან, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებთან. უბრალოდ აუცილებელია იმ ფაქტის აღიარება, რომ ეს არ არის მარტო ინფრასტრუქტურა, ეს არ არის მარტო ჩვენი ბიუროკრატიული პროცედურების ერთმანეთთან თანხვედრაში მოქცევა, აუცილებელია პარტნიორებთან მუშაობა. ჩვენ ვმუშაობთ ყაზახეთსა და საქართველოსთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ არსებული ინფრასტრუქტურა მართლაც იქნას სრული მასშტაბით ათვისებული. გარდა ამისა, უზრუნველვყოფთ, საბაჟო პროცედურები გახდეს სწორხაზოვანი და უმტკივნეულო. ეს არის ჩვენი ძირითადი სამოქმედო საკითხი. 2022 წლიდან მოყოლებული, ტვირთის მოცულობა, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე გადის, დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა. ჩვენ მოვიზიდეთ საკონსულტაციო კომპანია, რომელიც განახორციელებს მთლიანი მარშრუტის აუდიტს. ყაზახეთისა და ჩინეთს შორის არსებული საზღვრიდან, ახალქალაქის ტერმინალამდე, ბათუმამდე და გვინდა, გამოვავლინოთ, სად არის ყველაზე პრობლემური ადგილები როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ბიუროკრატიულად.
სექტემბერში ჩვენ უკვე მოვამზადეთ საგზაო რუკა, სადაც გაწერილია სამოქმედო ნაბიჯები, რომელიც 2028 წლამდე უნდა განხორციელდეს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა ეს საკითხი, რაზეც ახლა ვსაუბრობდით, მათ შორის ტვირთების მოცულობა, შესაძლოა, გასამმაგდეს საკმაოდ მოკლე პერიოდში. მაგრამ საქმე მხოლოდ ეს არ არის. ჩვენ როგორც ქვეყანას, ასევე ძალიან გვაინტერესებს მარშრუტების გამრავალფეროვნება. სამხრეთის მარშრუტი, რომელიც არის ზანგეზურის დერეფანი, ესეც ასევე განიხილება და არა მარტო განიხილება, არამედ ამ ყველაფრის მატერიალიზება ხდება. პირველად ხდება ეს, სომხეთთან ომის შემდეგ, ჩვენ სომხური მარცვალი უკვე მივიღეთ ჩვენს ტერიტორიაზე და მივეცით საშუალება, გაევლო ამ მარცვლეულს ჩვენი ტერიტორია და სწორედ ეს ზანგეზურის დერეფანიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. შუა დერეფანი, ეს არ არის ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივა. არა, ეს უნდა იყოს პირველი არჩევანი, როდესაც ვინმე იფიქრებს ტვირთის გადაზიდვაზე“, – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა.