ავთანდილ კუნჭულია: ის, რომ ოპოზიცია არ თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან, აიხსნება მხოლოდ ერთადერთი ფაქტით - მათ არ გააჩნიათ არცერთი ფაქტი და მტკიცებულება

მკ

 ის, რომ ოპოზიცია არ თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან, აიხსნება მხოლოდ ერთადერთი ფაქტით - მათ არ გააჩნიათ არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსი ავთანდილ კუნჭულია. მისივე თქმით, მმართველი პარტია მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.

„ქართული ოცნება“ მზად არის ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებებთან და ფაქტებით დადასტურებული მტკიცებულებები წარადგინოს იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად არღვევდა კანონს, მოიპოვებდა პერსონალურ მონაცემებს და ამუშავებდა კანონსაწინააღმდეგოდ, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ნების საწინააღმდეგოდ. ისინი არეგისტრირებდნენ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებად, რათა არჩევნებზე მისულ ამ ადამიანებს არ ჰქონოდათ ხმის მიცემის საშუალება რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად“, - აღნიშნავს კუნჭულია.

გამოძიების დაწყების ინიციატივით, პროკურატურას ცესკომ მიმართა. საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საკითხის გამოძიება აშშ-ს პრეზიდენტმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმაც მოითხოვეს.