ავსტრალიის თანამეგობრობის დედაქალაქ კანბერაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საზეიმო ღონისძიება

26 მაისის აღნიშვნა

საზეიმო საღამოს მსვლელობისას, სტუმრებმა გამოფენა-ექსპოზიციის მეშვეობით მიიღეს ინფორმაცია ქართველი მწერლებისა და მხატვრების, ქართული კინემატოგრაფიის და მუსიკის, ქართული დამწერლობის და ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ. სტუმრებს ასევე, შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ავსტრალიის თანამეგობრობაში და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოსთვის 26 მაისის მნიშვნელობაზე, საპარლამენტო დემოკრატიის განვითარების პროცესსა და ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებზე. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე და საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

ელჩმა მიმოიხილა საქართველოს და ავსტრალიას შორის არსებული ურთიერთობები, ასევე, შეეხო საქართველოს დიპლომატიურ ძალისხმევას წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრალიის საგარეო უწყების, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და ბიზნეს წრეების, ქ. კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართული დიასპორის წევრები.