აცნობიერებთ, რომ ვერ ახერხებთ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოთ ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს? - ქეთევან თურაზაშვილი ფინანსთა მინისტრს

ქეთევან თურაზაშვილი

„ხშირია შემთხვევები, როდესაც ბანკი თვითნებურად, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ცვლის სასესხო ხელშეკრულებებს, ცხადია თავის სასარგებლოდ - მაგალითად, ბევრმა პენსიონერმა მხოლოდ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ჩვეულებრივი სესხის ნაცვლად ისინი ოვერდრაფტით სარგებლობენ, რაც ბევრად უფრო ძვირად ღირებული საბანკო პროდუქტია. საინტერესოა, რომ მოთხოვნის შემდეგაც კი ბანკმა ვერ შეძლო ოვერდრაფტის ხელშეკრულების წარმოდგენა“,-  ასე მიმართა საპარლამენტო ჯგუფ მოქალაქეების დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, რომელიც პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში იმყოფებოდა.

„მოქალაქეების“ დეპუტატის კითხვა მინისტრისადმი სწორედ საპენსიო სესხს ეხებოდა.

„წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ხანდაზმული ოჯახის წევრისთვის აიყვანეთ მომვლელი, რომელიც მას ცუდად ექცევა, უმალავს საკვებს, არ ასმევს წამალს და პერიოდულად გათბობას უთიშავს. ზუსტად ასე ექცევა თქვენს მიერ შერჩეული ლიბერთი ბანკი დღეს პენსიონერებს. მწერს ქალბატონი, რომელიც მარტო ზრდის 2 ობოლ შვილიშვილს საკუთარი პენსიით. უკვე წლებია, ყოველთვიურად პენსიიდან კრედიტის მომსახურების თანხა ეჭრება, აღებული სესხი კი უცვლელია. მეორე ქალბატონი 1700 ლარიან სესხს თითქმის 20 წელია იხდის, უკვე 17000 ლარი გადაიხადა და ეუბნებიან რომ მისი ვალი ისევ 1700 ლარია. აცნობიერებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო პრაქტიკულად ვერ ასრულებს მთავრობის ვალდებულებას ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს, რადგან სახელმწიფოს მიერ ამ მიზნით გამოყოფილი თანხა პენსიონერების ნაცვლად ლიბერთი ბანკის გამდიდრებას ხმარდება. მე მაინტერესებს, თქვენ, როგორც ამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრს თუ გაქვთ რაიმე გეგმა, იდეა, როგორ შეიძლება ეს შეიცვალოს, როგორ შეიძლება იმის უზრუნველყოფა, რომ პენსიონერებმა მიიღონ კუთვნილი პენსიები და სესხის აღების შემთხვევაში ისარგებლონ სამართლიანი, ადამიანური პირობებით, თუ თვლით, რომ ყველაფერი ისედაც კარგადაა, სახელმწიფოს ვალდებულებები პენსიონერების წინაშე ყოველთვიურად ბიუჯეტიდან საჭირო თანხის გადახდით ამოიწურება და თქვენი ჩარევა საჭირო არ არის?“ - იკითხა ქეთევან თურაზაშვილმა. მინისტრმა განაცხადა, რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტა ფინანსთა სამინისტროს საფინანსო რეგულატორის ვალდებულებაა. თურაზაშვილის კრიტიკულ კითხვაზე საპასუხოდ ხუციშვილმა განაცხადა, რომ საპენსიო სესხისთვის განსაზღვრული 26% მნიშვნელოვანი მიღწევაა. დამაზუსტებელი კითხვისას ქეთევან თურაზაშვილმა აღნიშნა, რომ ლიბერთი ბანკის მიერ ზედა ზღვრის დაწესების შემდეგაც კი პენსიონერებს სესხზე პროცენტი მაინც არ დაეწიათ. მისივე თქმით, პროცენტის დაწევა არც იმ პენსიონერებს ეხება, ვისაც სესხი უკვე აღებული აქვს. ,,ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე მეტი ინფორმაცია მქონდა, ვიდრე ბატონ ირაკლისაც (ზარქუა) და ბატონ მინისტრსაც. გეტყვით პირველ რიგში, რომ მე, როგორც პარტია ,,მოქალაქეების“ აღმასრულებელი მდივანი, ალეკოსთან ერთად ჩართული ვიყავი ამ საკითხზე მუშაობაში, ძალიან კარგად ვიცი, რომ ზედა ზღვარია 26%, თუმცა სამწუხაროდ დღესაც ახალი სესხი არცერთი არ არის გაცემული ოდნავ დაბალ პროცენტში და პირიქით, ყველა არის გაცემული 26,30 პროცენტში. მინდა ასევე გითხრათ, რომ პენსიონერების უმეტესობას, ნახევარ მილიონამდე პენსიონერს უკვე აღებული აქვს საპენსიო სესხები. გამოდის, რომ 26% მათზე არ ვრცელდება. რა ეშველებათ ამ ადამიანებს? ეს ოვერდრაფტები უნდა დარჩეთ და მთელი ცხოვრება მათ ვერ უნდა გადაიხადონ სესხები? ანუ ფიქრობთ, რომ ეს ასე უნდა დავტოვოთ და ამ ადამიანებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება? ცხელ ხაზთან დაკავშირებითაც, რომლის ნომერია 406-406, მინდა ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ვერ მუშაობს ცხელი ხაზი ეფექტურად, ის ისევ ამისამართებს ლიბერთი ბანკთან და ლიბერთი ბანკი არ აუმჯობესებს პენსიონერების პირობებს“ - მიმართა მინისტრს ქეთი თურაზაშვილმა.