საყურადღებო ინფორმაცია მართვის მოწმობებთან დაკავშირებით
1788174766
ამერიკულმა ავტორიტეტულმა გამოცემა Newsweek-მა, Newsweek Educational Insight-ისა და The Report Company-ს პარტნიორობით, გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში (Newsweek Country Reports), რომელიც საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს, მზარდ ლოგისტიკურ როლსა და ამერიკული ინვესტიციების გააქტიურებას ეძღვნება.
ანგარიშის მთავარი თემა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და „შუა დერეფნის“ განვითარებაა, რასაც აშშ-ის მხრიდან მზარდი დიპლომატიური და ფინანსური მხარდაჭერა ახლავს.
„2026 წლის ივნისში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) საქართველოს ფოთის პორტის გაფართოების მხარდასაჭერად 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო შეთანხმების გაფორმების შესახებ განაცხადა.
ეს ნაბიჯი თბილისსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მზარდ იმპულსზე მიუთითებს და საქართველოს „შუა დერეფნის“ განვითარების ხედვის მიმართ აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერას წარმოაჩენს. აღნიშნული ხედვა საქართველოს რეგიონულ სავაჭრო და საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
„ეს პროექტი სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესსა და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე.
„საქართველო აღარ არის მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი - ჩვენ ჩამოვყალიბდით ძლიერ ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობისთვის დამატებით ღირებულებას ქმნის“.
Pace Group-თან პარტნიორობით განხორციელებული ფოთის პორტის გაფართოების პროექტი პორტის წლიურ გამტარუნარიანობას 1 მილიონი ტონით გაზრდის. ეს კიდევ უფრო აძლიერებს „შუა დერეფნის“ მარშრუტს. 2026 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის მოცულობა 21%-ით გაიზარდა, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას ამერიკელი ინვესტორებისთვის. აშშ-დან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წელს გაორმაგდა და 158.1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
ინვესტიციების ძირითად მიმართულებებს უძრავი ქონებისა და ტექნოლოგიების სექტორები წარმოადგენდა, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ კომერციულ ასპექტს“,- ნათქვამია ანგარიშში.