არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები არ იყო დემოკრატიული. ოპოზიციას რომ მოეგო, პრობლემები არ იქნებოდა. ეს ნარატივი კარგად ვიცით - პიტერ სიიარტო

 პიტერ სიიარტო

არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი ან დემოკრატიული. ოპოზიციას რომ მოეგო ეს არჩევნები, პრობლემები არ იქნებოდა. ეს ნარატივი კარგად ვიცით, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომლებიც დაინტერესდნენ, იყო თუ არა ის საქართველოში ჩატარებული არჩევნებით შეშფოთებული.

მისი თქმით, არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდა ამიტომ შეშფოთების საფუძველი არ აქვს.

„არა, არ ვარ შეშფოთებული, რადგან არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი ან დემოკრატიული. ცხადია, ოპოზიციას რომ მოეგო, დემოკრატიის პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან მმართველმა პარტიამ მოიგო, ისმის ბრალდებები არჩევნების მიმართ. ოპოზიციას რომ მოეგო ეს არჩევნები, პრობლემები არ იქნებოდა. ეს ნარატივი კარგად ვიცით. თუ მემარჯვენე, კონსერვატიული ან სუვერენიტეტის მომხრე პარტია იგებს, როგორც წესი, დემოკრატიის სისტემური პრობლემა ჩნდება. თუ ლიბერალური პარტია იგებს, ყველაფერი მშვენივრადაა. ჩვენ გვყავდა აქ უნგრელი დამკვირვებლები. მათ ძალიან მკაფიო ანგარიში წარადგინეს. არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი.

რაც შეეხება ბრიუსელის გადაწყვეტილებას გაყინოს ინტეგრაციული პროცესი, ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა. ეს აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ბრიუსელში სხვა მთავრობა სურთ საქართველოში. ეს ფაქტია. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.