არჩილ გორდულაძე: რადიკალები მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიცვივდნენ და განსაკუთრებული შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით არის გამორჩეული

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს არჩილ გორდულაძე უხელმძღვანელებს

რადიკალები მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიცვივდნენ და განსაკუთრებული შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით არის გამორჩეული - ჩვენ მათ ნაცვლად უნდა მოვუხადოთ ბოდიში მას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, რადიკალების მხრიდან აქამდეც ვიხილეთ პარლამენტის წინ ჩატარებული რამდენიმე რიტუალი.

„მართალია ბოლო დღეებში შემცირდა სისტემური აგრესია, რომელიც ასეთი ინტენსივობით ხდება რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ დღეს ვნახეთ კიდევ უფრო საშინელი ფაქტი, როდესაც ეგზალტირებული ადამიანები პირდაპირ მიცვივდნენ ეკლესიაში, სასულიერო პირს შეურაცხყოფა მიაყენეს. ესეც არ არის გასაკვირი ამ ხალხისგან. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ამ ადამიანებმა მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს შუა ქუჩაში და რიტუალი ჩაატარეს. მეორე რიტუალი ვნახეთ, მჩხიბავის მიერ რაღაც შავი მაგიის თუ რიტუალური ქმედება განახორციელა. ახლა საერთოდ იქამდე მივედით, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიცვივდნენ და ადამიანს, რომელიც მთელ ქალაქში დაფასებულია და ხალხის სიყვარულით არის გამორჩეული, განსაკუთრებული შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენ მათ ნაცვლად უნდა მოვუხადოთ ბოდიში ასეთ ადამიანს, რომელიც სულიერად ცდილობს წარუძღვეს მრევლს, რომელიც ასე მრავალია მის ეკლესიაში“,- აღნიშნა გორდულაძემ.

გორდულაძემ ისაუბრა რადიკალების ქმედებების მოტივებზე.

„ეს არის მათი სახე. ამ ადამიანებს არც საკუთარი ოჯახი, ქვეყანა უყვართ, არც რწმენა აქვთ, არც ეკლესიის პატივისცემა, მაგრამ გამოირჩევიან ცრუ ნარატივებით, განცხადებებით. საუბრობენ ვითომ დემოკრატიაზე, პროევროპულობაზე, დასავლეთზე. მთავარი ავიწყდებათ, რომ უნდა იყვნენ ტოლერანტულები განსხვავებული აზრის მიმართ. პატივი უნდა სცენ სხვისი აზრის გამოხატვის უფლებას, რელიგიურ თავისუფლებებს და თავი უნდა დაანებონ პირველ რიგში სხვისი უფლებების დარღვევას. მაგრამ ეს ხომ მათი სისტემის ნაწილია. რა ქნან, მათიც უნდა გავიგოთ. ღმერთმა დაგვიფაროს რეალურად ჩავწვდეთ მათ ზრახვებს და ფიქრებს, მაგრამ გასაგებია მათი ქმედებებიც. უბედურები არიან ეს ადამიანები, რადგან იმართებიან გარკვეული ძალების მხრიდან, ასრულებენ დავალებებს და მერე ამ დავალებების შესრულება სამწუხაროდ, სისტემურ ძალადობაში გადადის“, - განაცხადა გორდულაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ პატრიარქის განცხადების გავრცელებიდან, სადაც იგი ყველას მოუწოდებს ერთმანეთის მიმართ ურთიერთპატივისცემისკენ, სულ ცოტა ხანში ეკლესიაზე ხდება თავდასხმა, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს პროცესები არის მართული და სწორედ იმისთვის, რომ პატრიარქის განცხადება გადაეფარათ და ხალხს ამის შესახებ არ გაეგო, სცადეს ძალის გამოყენება.