არჩილ გორდულაძე: „ქართული ოცნების“ გუნდიც და საზოგადოებაც მყარად დგას, არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოაწყოს ან მაიდანის მოწყობის მცდელობა ჰქონდეს

არჩილ გორდულაძე

ბატონი ანიტა, რომელიც უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა საზოგადოების თვალში და პოლიტიკაშიც, თუ მას შეიძლება პოლიტიკაში მყოფი ადამიანი ვუწოდოთ, იმასაც კი ვერ ბედავს, რა დავალებაც მიიღო, გააჟღეროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, ხაბეიშვილს მიღებული აქვს დავალება, რომ საქართველოში არეულობას ხელი შეუწყოს და ამ ყველაფრის ტირაჟირებაც უნდა მოახდინოს.

არჩილ გორდულაძის განმარტებით, ლევან ხაბეიშვილი ამას ვერ ბედავს და საუბრობს მშვიდობიან გადატრიალებაზე.

„მშვიდობიანი გადატრიალება რას ნიშნავს – ეს სიტყვათა წყობა ყველასთვის გაუგებარია. იმის თავიც კი არ აქვთ, რეალურად რა დავალებაც მიღებული აქვთ, ეს წარმოთქვან. რეალობა არის, რომ აგენტურის ნაწილს, რომლებიც წარმოადგენენ ძველ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“, მიღებული აქვთ დავალება, რომ ერთი მხრივ, მუხტი აწიონ, ამავდროულად, როგორმე გამიჯნონ მათი რიგებიდან „ლელოელი“ და გახარიელი ნაცები და ახლა ამ ყველაფრის მასკარადს ვხედავთ. აქვთ მცდელობა, საქართველოს მოსახლეობის თვალში როგორმე ეს ყველაფერი გაიმიჯნოს. ამავდროულად, ისაუბრონ და თითქოს ყური შეაჩვიონ გადატრიალებას, ამბოხს, ასეთია ის გაიდლაინი, რომლითაც „დიფ სთეითი“, სამწუხაროდ, თავისი აგენტურის მეშვეობით ცდილობს, ამბოხებები, გადატრიალებები და ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციები მოაწყოს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც მათ შორის წარსულში ჩვენს ქვეყანაშიც ვნახეთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ მომავალი აჩვენებს, ოპოზიცია გაიზიარებს თუ არა ხაბეიშვილის პოზიციას.

„მთავარია, ყველამ კარგად იცოდეს, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები თავის სიმაღლეზე დგას. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ გუნდიც და ქართული საზოგადოებაც მყარად დგას და არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოაწყოს ან მაიდანის მოწყობის მცდელობა ჰქონდეს. ასეთი იდეების და ყველანაირი ასეთი სურვილების განხორციელების მცდელობები ძირშივე აღკვეთილი იქნება“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების „არჩევნებში“ მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, არანაირი მესამე გზა არ არსებობს“.