არჩილ გორდულაძე ლილუაშვილზე: როდესაც არის გარკვეული განსხვავებული აზრები კონკრეტულ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე პრემიერი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული

არჩილ გორდულაძე

როდესაც არის გარკვეული განსხვავებული აზრები კონკრეტულ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე პრემიერი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით.

არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ის რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს აღარ ჩაიბარებს.

მისი თქმით, ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული.

არჩილ გორდულაძემ საკადრო გადაადგილებებზე ისაუბრა.

„თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა განცხადება და ახსნა კიდეც რატომ მიიღოს გადაწყვეტილება. სავსებით ლოგიკურია, რომ ადამიანი, რომელიც 7 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უმნიშვნელოვანეს რეგიონს, რომელსაც აჭარა ჰქვია, მისივე გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს მართვასთან დაკავშირებით და სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებასთან და პრაქტიკაში აღსრულებასთან დაკავშირებით. ეს სავსებით ლოგიკას დაქვემდებარებული საკითხია.

რაც შეეხება ბატონ გრიგოლთან დაკავშირებით ბატონი პრემიერის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საკადრო საკითხებთან დაკავშირებით და როდესაც არის გარკვეული განსხვავებული აზრები კონკრეტულ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე პრემიერი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული.

ჩვენ წარმატებები უნდა ვუსურვოთ ბატონ თორნიკეს შემდგომ საქმიანობაში, ბატონ გრიგოლსაც. და ამავდროულად, ახალ მინისტრს, კახა გულედანსაც, რომელიც არის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი, პატრიოტი კაცი, თავისი საქმის პროფესიონალი, რომელსაც აქვს თვითმმართველობაში, მუნიციპალიტეტში საქმიანობის არაერთწლიანი გამოცდილება. და შეგვიძლია, რომ ჩვენს მეგობარ ადამიანს ვუსურვოთ ძალიან ბევრი წარმატება იმ მნიშვნელოვან საქმეში, რომელსაც ჰქვია რეგიონული მინისტრის პოზიცია. სამთავრობო გუნდის გაცხადებული პოზიციაა, რომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები იყოს გაზრდილი, გაძლიერება მოხდეს მუნიციპალიტეტებისა, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს სოფლად თუ ქალაქად დასახლებულ ადამიანებს, რომ მათი ყოველდღიური საჭიროებები უკეთ იყოს მოგვარებული“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება თორნიკე რიჟვაძემ დღეს გაავრცელა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების სამინისტროს აღარ უხელმძღვანელებს. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრმა კახაბერ გულედანი წარადგინა.