არჩილ გორდულაძე ლევან სამუშიას გამოსვლაზე: სრულად პოლიტიკური გამოსვლაა. ვისმენთ მოთმინებით, რადგან პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში

არჩილ გორდულაძე

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე "ლელოს" წარმომადგენლის, ლევან სამუშიას სიტყვით გამოსვლას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის რეპლიკა მოჰყვა. გორდულაძემ სამუშიას განცხადებები პოლიტიკურ გამოსვლად შეაფასა და აღნიშნულზე მიუთითა მოსამართლეებს.

გორდულაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელი ნაცვლად სამართლებრივი არგუმენტებისა, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაზეც მოსარჩელე მხარეს საპასუხო არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა სასამართლო დარბაზში არ აქვს.

"ამდენი ხანია ჩვენი გუნდის წევრებზე საუბრობს. სრულად პოლიტიკური გამოსვლაა, მათ შორის, ბატონ გია ვოლსკისთან დაკავშირებით, როდის, სად იყო და რატომ წამოვიდა ხელისუფლებიდან. მაშინ ამ ყველაფერს ჩვენც უნდა გავცეთ პასუხები. მათ შორის, შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით, რომელიც 2016-2020 წლებში პარლამენტი წევრი რომ იყო გიგა ბოკერიას გვერდით იჯდა, მისი პარტიის წევრი გახდა. თუ კოალიციაში არ ყოფილა?  რა ვქნათ ახლა, პოლიტიკური გამოსვლები დავიწყოთ? რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, რომ პარალელური სამყარო არსებობს თურმე საქართველო და ამ საქართველოში ცხოვრობენ ამ პარტიის წარმომადგენლები. ამას ვისმენთ და მოთმინებით ვართ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

✕