არჩილ გორდულაძე: ევროკავშირის არარჩეულ ბიუროკრატიაში არ არსებობს ქვეყნებისადმი პატივისცემა, შესაბამისად, ქართულ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მათი განცხადებების იმედი

არჩილ გორდულაძე

ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ ევრობიუროკრატია ფაქტებით ტყუილში და საქართველოზე თავდასხმაში, ევროკავშირის მოქმედ არარჩეულ ბიუროკრატიაში არ არსებობს არანაირი ინტერესების გატარება, არანაირი ქვეყნების პატივისცემა და თანასწორი დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, ხშირ შემთხვევაში, ეს ბიუროკრატია მხილებულია კორუფციაში და აღარ არსებობს ის საერთაშორისო სამართლის სტანდარტები, რომლებიც აქამდე მოქმედებდა.

„ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ ევრობიუროკრატია ფაქტებით ტყუილში და საქართველოზე თავდასხმაში. ზუსტად იგივე ფაქტებზე აკეთებენ კომენტარებს და ამხელენ ხოლმე, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია. ვხედავთ, რომ ევროკავშირის მოქმედ არარჩეულ ბიუროკრატიაში არ არსებობს არანაირი ინტერესების გატარება, არანაირი ქვეყნების პატივისცემა და თანასწორი დამოკიდებულება. ხშირ შემთხვევაში, ეს ბიუროკრატია მხილებულია კორუფციაში. აღარ არსებობს ის საერთაშორისო სამართლის სტანდარტები, რომლებიც აქამდე მოქმედებდა.

ამ ბიუროკრატიისთვის არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის სუვერენიტეტს, არც ადამიანის უფლებების დაცვას, და ბოლოს, იქამდეც არიან ისინი მისული, თურმე მოლდოვა რაიმეთი წინ არის საქართველოზე. ეს აბსოლუტური ტყუილია, რომელსაც ისინი ავრცელებენ. შესაბამისად, ქართულ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მათი განცხადებებისა და გადაწყვეტილებების იმედი“, – განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება საქართველოს, ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც ორმხრივად დადებული ხელშეკრულებებით აქვს, ასრულებს.

„მაგალითად, კანონმდებლობა მოგვყავს ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობაში, რაც მუდმივად განგრძობადი პროცესია. არაერთხელ გაგვიცხადებია ქვეყნის უმაღლესი პირების და ჩვენი გუნდის ლიდერების მხრიდან, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველაზე მზად იქნება. დანარჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მოქმედი ბიუროკრატიის პირობებში, საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება რომ არ იქნება მიღებული, ეს ცხადზე ცხადია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.