არჩილ გორდულაძე: ეუთო-ს თავმჯდომარე პირდაპირ ჩაერია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში, ირაკლი კობახიძის მხრიდან გადაიდგა ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ღირსეული ქვეყნის ღირსეულმა პრემიერ-მინისტრმა

არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის შეფასებით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთო-ს თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მისვლით და მის მიერ გაკეთებული განცხადებით, პირდაპირ ჩაერია საქართველოს სუვერენიტეტში.

გორდულაძის თქმით, ამიტომ ელინა ვალტონენის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა აზრს მოკლებულია.

„საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ვიხილეთ, როგორი სიცრუის კასკადი მოდიოდა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარისგან. ამ შეხვედრის შემდეგ გარედან დაფინანსებულ, დაორგანიზებულ აქციაზე მივიდა და ისეთი განცხადებები აკეთა, რომლითაც პირდაპირ ჩაერია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში. შესაბამისად, დამატებითი შეხვედრა აზრს მოკლებულია. გადადგმულია ერთ-ერთი დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ღირსეული ქვეყნის ღირსეულმა პრემიერ-მინისტრმა. ამ ადამიანთან ლაპარაკს და არგუმენტების გაცვლას აზრი არ აქვს, რადგან ის ავრცელებს სიცრუეს და ცდილობს, ჩვენს ქვეყანაში რამენაირად გაამართლოს დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც 4 ოქტომბერს მიმდინარეობდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვა არ დაუძრავს, თუმცა ცდილობს, ახალი კანონდარღვევები და დანაშაულები წაახალისოს. კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ის დუმილი, თუ გაცხადებული მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია 4 ოქტომბრის მოვლენებისკენ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთო-ს თავმჯდომარესთან, ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო გააუქმა“.