არჩევანი გავაკეთე განვითარების, სტაბილურობის, მშვიდობისა და ღირსეული მომავლის სასარგებლოდ - სულხან თამაზაშვილი

თამაზაშვილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, მეუღლესთან ერთად, საკუთარი არჩევანი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების 29-ე უბანზე დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობისა და ღირსეული მომავლის სასარგებლოდ გააკეთა.

,,რა თქმა უნდა, გავაკეთე არჩევანი განვითარების, სტაბილურობის, მშვიდობის და ღირსეული მომავლის სასარგებლოდ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ექვსივე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი რეგიონის განვითარებას“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

 საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.

საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.

4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.