არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი ფინანსური საშუალებებით უზრუნველყოფდნენ აქციების უწყვეტობას, მათ შორის, საინტერესოა ხელფასსაც უხდიდნენ თუ არა იმ ადამიანებს, ვინც იქ იდგა - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

საბოტაჟის, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება.

გამოძიების შეკითხვებს გუშინ სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით "სამართლიანი არჩევნების" ყოფილმა უფროსმა და IDFI-ის ხელმძღვანელმა უპასუხეს.

ცნობილია, რომ შეკითხვები ძირითადად საპროტესტო აქციებსა და იმ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციის შესყიდვებს ეხებოდა. გამოძიებიდან გამომდინარე, 7 ორგანიზაციის ანგარიშები გასულ კვირას დააყადაღეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ ფინანსურ რესურსს აქციების უწყვეტობასა და რადიკალიზმში დებდნენ.

"საქმის ფარგლებში იკითხებიან სწორედ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ოდიოზურები და ყველაზე გაუმჭვირვალეები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ აქციებში და რადიკალიზმით იყვნენ დაკავებული. სწორედ ეს ორგანიზაციები თავიანთი ფინანსური საშუალებებით, რასაც თავადვე აცხადებდნენ, უზრუნველყოფდნენ აქციების უწყვეტობას, მათ შორის, საინტერესოა ხელფასსაც უხდიდნენ თუ არა იმ ადამიანებს, ვინც იქ იდგნენ. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერზე გამოძიება კონკრეტულ პასუხებს გაგვცემს", - აღნიშნა პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.