„არ შეიძლება, ქვეყანაში არსებობდეს პოლიტიკური პარტია ან პარტიები, რომლებიც დაკავებულები არიან სისტემურად ქვეყნის კონსტიტუციური წყობის მორღვევით“ - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

„არ შეიძლება, ქვეყანაში არსებობდეს პოლიტიკური პარტია ან პარტიები, რომლებიც დაკავებულები არიან სისტემურად ქვეყნის კონსტიტუციური წყობის მორღვევით, დაკავებულები არიან იმით, რომ უხეშად არღვევდნენ ადამიანის ძირითად უფლებებს,“ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

„პოლიტიკური სპექტრი არის თავიდან ბოლომდე დესტრუქციის სარბიელად გადაქცეული, რაც, პირველ რიგში, აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ ფლანგს, არამედ დემოკრატიის პრინციპებს ქვეყანაში. ეს სრული დესტრუქცივიზმი არის სწორედ დემოკრატიის მთავარი მტერი.

ოპოზიცია უნდა იყოს და მაგისთვის კეთდება ეს, რომ იყოს ოპოზიცია. არ ვიცი, ვინმე ახალი აქტორი შემოვა თუ ვიღაც მოახერხებს ოპოზიციაში უფრო სერიოზული პოზიციები დაკავებას, მაგრამ ფაქტი ერთი რამ არის - ეს ყველაფერი ხელს უშლის სახელმწიფოს განვითარებას, სახელმწიფოებრიობას და სისტემური დემოკრატიის ჩამოყალიბებას.

პროცედურა პოლიტიკური პარტიის აკრძალვისა მთელს მსოფლიოში არსებობს და ეს არის კანონით გაწერილი ყველა ქვეყანაში. ამ შემთხვევაშიც, ეს არ იქნება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, ეს იქნება საკონსტიტუციო სარჩელი და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ეს არის ის პროცესი, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ემსახურება საქართველოში იმ პერსპექტივის შექმნას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატიული, ნორმალური, პროგნოზირებადი ველი შექმნილი," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა.