არ მინდოდა, პრეზიდენტი ყოფილიყავით, მაგრამ ახლა ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს - ალეკო ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილს

ალეკო ელისაშვილი

მე არ მინდოდა, თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და მე თქვენ ძალიან მწარედ, ძალიან მძიმედ გაკრიტიკებდით, – ასე მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც დღეს წლიური ანგარიში წარადგინა.

ელისაშვილის თქმით, მას წლების წინ ეშინოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იქნებოდა მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის დაცვისას.

„პიროვნულად არაფერს გერჩოდით, ქართულ ემიგრაციას წარმოადგენთ და ერთ-ერთი ხართ იმ გათქვეფილ და გამქრალ ემიგრაციიდან რომ გადარჩით ქართველად, დაგვიბრუნდით და ახლა უკვე პრეზიდენტი ხართ. მაშინ რისი მეშინოდა და რატომ არ მინდოდა თქვენი პრეზიდენტობა, რადგან მეშინოდა, რომ არ იქნებოდით მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის დაცვისას, ევროატლანტიკური არჩევანის დაცვისას. ჩვენი ევროპისკენ სწრაფვა ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და მეშინოდა, რომ ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს. თქვენთან პირისპირ შეხვედრისას ბოდიშიც მოგიხადეთ სწორედ იმ სიტყვების გამო და ახლა ღიადაც ვიტყვი ბოდიშს. არ მესირცხვილება ბოდიშის მოხდა, როდესაც მიმაჩნია, რომ მოსახდელი მაქვს. ბოდიშს გიხდით იმის გამო, რაც დღეს აქ მოვისმინე და რასაც ვისმენ ბოლო ამ პერიოდის განმავლობაში თქვენგან, საქართველოში თუ უცხოეთში ნათქვამს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.