არ მგონია, მიხეილ სააკაშვილთან ციხეში გაეფორმებინათ ხელშეკრულება - ლადო ბოჟაძე

ვლადიმერ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, რომლებმაც პოლიტსაბჭო მიხეილ სააკაშვილის სახლში ჩაატარეს, კანონი დაარღვიეს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, რუსა მაჩაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

დაარღვიეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კანონი - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ლადო ბოჟაძე ესაუბრა: 

„ზოგადად, უნდა ითქვას, რომ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს, მოქმედი კანონმდებლობით, ორგანული კანონით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, აკრძალული აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან რაიმე სახის შემოწირულების მიღება, როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და თავის დროზე, როცა ის ერთვებოდა პარტიის სასარგებლოდ, მაშინაც არღვევდა კანონმდებლობას, რომელიც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს ეხება.

ამ შემთხვევაში, ახლა უკვე პარტიამ დაარღვია კანონმდებლობა, იმ თვალსაზრისით, რომ სხვის საკუთრებაში ისარგებლეს. ისინი ვალდებულები არიან, ასახონ თუ ეს როგორც შემოწირულება მიიღეს, ბუნებრივია, ეს არის უკანონო. ხოლო თუ მათ იქირავეს და ეს აქვთ დეკლარირებული, მაშინ, მათი მხრიდან, ეს კანონის დარღვევა არ იქნება, თუმცა, არ მგონია, მესაკუთრე მიხეილ სააკაშვილთან ციხეში რომ გაეფორმებინათ ხელშეკრულება. ამ ფაქტს აუდიტის სამსახური შეისწავლის“,- ამბობს ლადო ბოჟაძე.