ვითარება თუ არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი - პაველ ჰერჩინსკიმ

პაველ ჰერჩინსკი

9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა "ექსპო ჯორჯიაში" ღონისძიებას მასპინძლობს, რომელიც ოფიციალურად პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები და ორგანიზაციები სტუმრებს საკუთარ კულტურასა და ტრადიციებს აცნობენ. "ექსპო ჯორჯიაში" ოპოზიციის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ევროპის დღე პირველად 1985 წელს აღინიშნა, როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა 9 მაისი ევროპის დღედ დააწესეს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის  განცხადებით, დღეს საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია.

"საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა. მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ, რა გაუკეთებია ევროკავშირს თქვენს სოფლებსა თუ ქალაქებში. მესამე წელია, მაქვს პატივი, თქვენთან ერთად აღვნიშნო ევროპის დღე.

2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ.

დღეს კი, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ეს ვითარება თუ არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა – ვალდებულება. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს", - განცახდა პაველ ჰერჩინსკიმ.