1734086254
აქციაზე საქართველოს რუკა ჰქონდათ, იმ ეკრანის წინ ვინც იდგა, სწორედ ის ხალხია, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები აქცია ოკუპირებულად, ოკუპანტს ჩააბარეს, მათ შორის, კოდორი და ახალგორი - შალვა პაპუაშვილი
საინფორმაციო თავდასხმა, რომელიც ქართულ არჩევნებზე ხდებოდა, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, პაპუაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს რუკის სლაიდზე არ ჩანდა ოკუპირებული ტერიტორიები.
პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სცადეს, რამენაირად გაეღიზიანებინათ საკუთარი მხარდამჭერები.
„მინდა, წარმოგიდგინოთ შეჯამება ქართულ არჩევნებზე დეზინფორმაციული თავდასხმებისა, რომლებსაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებოდით. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინფორმაციო თავდასხმა, რომელიც ქართულ არჩევნებზე ხდებოდა, არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საშუალება.
ამავე დროს, გუშინ როდესაც დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგს ვატარებდი, თურმე სად ხარ, რა დეზინფორმაციის ახსნაზეა საუბარი. ვნახეთ, პირდაპირ ღია ეთერში როგორ დაიწყო ყალბი ამბის გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ მედიის წარმომადგენლები ყველა აქ იყავით, ყველა ხედავდით, სინამდვილეში, სლაიდზე რა იყო ასახული, მედიამ ყალბ ამბად გაავრცელა ის, რაც, სინამდვილეში, არ იყო. თურმე რა დეზინფორმაციაზეა საუბარი, როდესაც ადამიანებს ფერებზე ჰქონიათ სადავო. აქაც ვნახეთ ოპოზიციის მცდელობა, რაიმენაირად გაეღიზიანებინათ საკუთარი მხარდამჭერები, გუშინ აქციაზეც კი ჰქონდათ ამ თემაზე საუბარი. აქციაზე ეკრანზე საქართველოს რუკა ჰქონდათ, იმ ეკრანის წინ ვინც იდგნენ, არ დაგვავიწყდეს, სინამდვილეში, რა ხალხთან გვაქვს საქმე.
ეს არის ხალხი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები აქცია ოკუპირებულ ტერიტორიებად, ოკუპანტს ჩააბარეს კოდორი და ახალგორი, რომელიც 2008 წლამდე იყო საქართველოს სრული იურისდიქციის ქვეშ და ამ ტერიტორიებზე სრულად ვრცელდებოდა ჩვენი ფაქტობრივი ხელისუფლება.
მათგან ასეთი სახის მანიპულაციები კიდევ უფრო ამორალურია. ასეთ სპეკულაციებზე მიდის ხალხი, რომელმაც დაუშვა ეს ოკუპაცია, რომლებმაც შემდეგ საკუთარი მოქალაქეობა დათმეს, რათა წასულიყვნენ და უკრაინელი პოლიციელის ფორმა ჩაეცვათ, როგორც ხატია დეკანოიძეს.
„ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებში ყველა ოლქში, 30-ვე ოლქში დააყენა დელეგატი, რომელიც იყო გათვალისწინებული ჩვენს სიაში, რომლებიც იყვნენ ადგილობრივები, წარმოადგენდნენ რეგიონს, რომელთანაც იდენტიფიცირებას ახდენდა იმ რეგიონის მოსახლეობა. ეს შეეხება, მათ შორის თბილისს. როგორც იცით, თბილისი დაყოფილია ოლქებად და აქაც, ჩვენ ყველა ოლქში გვყავდა წარმოდგენილი კანდიდატი და ოპოზიციას არც თბილისში არ ჰყავდა წარმოდგენილი კანდიდატი. ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ ატარებდა საარჩევნო კამპანიას რეგიონებში, აქ ვგულისხმობ თბილისსაც. არც თბილისში ატარებდნენ კამპანიას. გაიხსენეთ, რამდენი შეხვედრა ჰქონდათ მათ ისანში, სამგორში, საბურთალოზე, თუ სხვაგან – დადიოდნენ და ხვდებოდნენ თუ არა მოქალაქეებს ამ პარტიის წარმომადგენლები და რა სიხშირით.
ჩვენ ყველა რეგიონსა და ოლქში გვყავდა დელეგატი, მეორე – გვქონდა რამდენიმე კარდაკარი, რომელიც ჩავატარეთ. 5000-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარეს ჩვენმა დელეგატებმა. საშუალოდ, ერთ დელეგატზე 170 შეხვედრა მოდიოდა და სრულად იყო დაფარული საარჩევნო ოლქები ჩვენი დელეგატების სახით. ოპოზიციას არც ერთ ოლქში დელეგატი არ ჰყავდათ.
გამსვლელ სიაში არ ჰყავდათ რეგიონის წარმომადგენლები, მათ შორის არ ჰყავდათ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები და შემდეგ უკვირთ, რატომ ვერ მიიღეს მხარდაჭერა, თუნდაც მარნეულში, ახალქალაქში თუ ნინოწმინდაში. როგორ აპირებდნენ, როდესაც ისინი არც კი ჩასულან იქ, რომ ესაუბრათ მოქალაქეებთან და არც საკუთარ გამსვლელ სიებში არ ჰყოლიათ ამ რეგიონის წარმომადგენლები. მათ შორის, ეს ყველაფერი ეხება თბილისსაც, არც თბილისის ოლქებში ჩაუტარებიათ კამპანია. ამიტომ, ეს არის სიმართლე, რომლისგანაც უნდოდათ გუშინ თვალი აერიდებინათ, მაგრამ ასე უნდა უყურონ ყოველდღე. ერთი, უყურონ ამ რუკას, სადაც, დიახ, აფხაზეთი და ცხინვალი არის გამოსახული, როგორც ფაქტობრივი იურისდიქციის განხორციელების ქვეშ არმყოფი ტერიტორიები და ზუსტად იმ ხალხის წყალობით, ვინც გუშინ შემდეგ, ასე პათეტიკურად დროშას უშვებდა ეკრანზე და დროშის წინ იდგა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურება არის, რომ ეს ორი ტერიტორია დღეს ოკუპირებულია, მათ შორის, კოდორი და ახალგორი, რომელზეც 2008 წლამდე სრულად ხორციელდებოდა საქართველოს იურისდიქცია. ამაზე გაგვცენ და აგონ პასუხი, შემდეგ ისაუბრონ რუკის ფერებზე, რომლითაც ცდილობენ, გააღიზიანონ საკუთარი მხარდამჭერები, თუმცა ვნახეთ, რომ ესეც არ გამოუვიდათ და გუშინ მიიღეს საკადრისი პასუხი საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით, რომელიც დაინახეს ბოლოს აქციაზე. ვნახეთ ბოლოს რომ დაიშალნენ და გადავიდნენ ქუჩებში სეირნობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.