ტვინის მკვებავი და ვითომ გულის მკვებავი პრეპარატები ბუნებაში არ არსებობს - თემურ მიქელაძე
1763405683
ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის - სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით და ასე იქნება უფრო სწორად მართული ის პროცესები, რომლებიც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, თავის დროზე იყო მოთხოვნა, ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა მომხდარიყო ერთ ხელში, რაც თავისთავად აბსურდული მოთხოვნა იყო, ვინაიდან ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური სისტემის თანახმად, ანტიკორუფციული ფუნქციები გადანაწილებულია რამდენიმე კონსტიტუციურ ორგანოზე.
„ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი ანტიკორუფციული დეპარტამენტით, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, საქართველოს მთავრობა თავისი სამთავრობო უწყებებით. რეალურად, ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის თანახმად, აბსოლუტურად ლოგიკურად არის გადანაწილებული ეს ფუნქციები. ასეთ პირობებში, ერთ სუბიექტში ამის თავმოყრა იყო თავისთავად უკვე აბსურდი. რადგან ეს მოთხოვნა იყო, შეიქმნა ერთი კონკრეტული სააგენტო, ანტიკორუფციული ბიურო, სადაც მოხდა რაღაც ფრაგმენტების თავმოყრა - ეს არის საჯარო მოხელეთა დეკლარაციები, ამას დაემატა პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს იყო არსებითად ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები. შემდეგ ამას მოჰყვა მთელი ქილიკი. იგივე ადამიანები, ვინც ახლა ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, აქილიკებდნენ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ შეიქმნა ასეთი უწყება ასეთი სათაურით, ანტიკორუფციული ჰქვია და რეალურად დღემდე კორუფციის არც ერთი ფაქტი არ გამოუვლენია. როგორ უნდა გამოევლინა, როცა ეს 3 ძალიან ლოკალური ფუნქცია ჰქონდა ამ სამსახურს. რეალურად ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური სისტემა, ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე. ეს არის - სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით და ასე იქნება უფრო სწორად მართული ის პროცესები, რომლებიც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას. ამ 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ზუსტად ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.