ამირან სალუქვაძე „ევროპის გადაიარაღების“ გეგმაზე: ამ წელს 800 მილიარდის მობილიზება წარმოუდგენლად მეჩვენება

ამირან სალუქვაძე

რახან „ევროპის გადაიარაღების“ გეგმასა და 800 მილიარდის მობილიზებაზე განცხადება გაკეთდა, ალბათ ისინი ხედავენ რესურსს, თუმცა არ ითქვა ვადები - ამ თანხის მობილიზება იქნება წელს, თუ გარკვეული წლების განმავლობაში, - განაცხადა ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ და აღნიშნა, რომ წარმოუდგენლია ამ თანხის მობილიზება წელს მოხდეს.

„ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი ლონდონში. იქიდან რაც წამოიღო, ვფიქრობ, არის ძალიან მწირი დაპირებები. მას გამოუყვეს ისევ და ისევ რუსეთის გაყინული აქტივების დივიდენდებიდან საკმაოდ მწირი თანხა - 2,2 მილიარდი ფუნტი, რომელიც სესხის სახით არის და ასევე გამოიყო 1,6 მილიარდი ფუნტი საჰაერო თავდაცვის რაკეტებისთვის. ალბათ, ესეც სესხია. ეს იყო და ეს. მთელი ამ სამი წლის განმავლობაში მთლიან დახმარებაში ამერიკის წილი იყო სულ მცირე ნახევარი, ტრამპი ამბობს, რომ გაცილებით მეტია, მაგრამ წარმოიდგინეთ, 50 ქვეყანაში ერთი ქვეყნის წილი იყო ნახევარი და ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე ჰქონოდა უპირატესობა თუ არა თანაბარი ბალანსი მაინც“, - განაცხადა სალუქვაძემ.

მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთი ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ მიიწევს წინ და დაახლოებით 4000 კვადრატული კილომეტრი დაიკავა.

„ეს არის რეალობა და ჯერ-ჯერობით რუსეთი ამ სტრატეგიულ უპირატესობას ინარჩუნებს. ამ ვითარების შესაცვლელად აუცილებელია გაცილებით მეტი შეიარაღება, ტექნიკა და პლუს ადამიანური რესურსები, ანუ რეზერვის გადამზადება. ჯერ კიდევ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე გადამზადების ტემპები წინა წლებთან შედარებით იყო საკმაოდ სუსტი, გაცილებით ძლიერად და ინტენსიურად იყო პირველ და მეორე წელს, როდესაც ე.წ. კონტრშეტევა მზადდებოდა, რომელიც იმის გამო ზუსტად, რომ არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი უკრაინის პარტნიორების მხრიდან არ აღმოჩნდა წარმატებული, მიუხედავად ძალიან ხანგრძლივი სამზადისისა“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

სალუქვაძის აზრით, არსებობს მოვლენების განვითარების სამი ვარიანტი.

„თუ ევროპა ამერიკის გარეშე მარტო დარჩება, როგორ მოახერხებს ის ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლას არ ვიცი, ამიტომ რამდენიმე ვარიანტი არსებობს - ერთი ვარიანტია, რომ ბრძოლის ველზე მიაწოდონ საკმარისი და უპირატესობისათვის აუცილებელი საჭირო შეიარაღება და ტექნიკა, პლუს რეზერვი, კარგად მომზადებული ადამიანური რესურსი. ეს ერთი ვარიანტია. მეორე ვარიანტია - მშვიდობის დამყარება. თუ ვერ ახერხებ ვითარების შეცვლას, ვერ ახერხებ უპირატესობის მოპოვებას ბრძოლის ველზე და რუსეთი გააგრძელებს განსაკუთრებით დონბასის მიმართულებიდან კიევისკენ, დნეპრისკენ სვლას, მაშინ უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

არის მესამე ვარიანტი - რუსეთის და უკრაინის გამოფიტვამდე ბრძოლა, ბრძოლა ბოლომდე. ვის აქვს მეტი რესურსი ამ სამმა წელმა აჩვენა. თუ პირველი ვარიანტი ვერ ხერხდება, მაშინ მესამე ვარიანტში უკრაინა არის წამგებიან პოზიციაში. ამაზე ესაუბრება ტრამპი და ამ პოზიციას აფიქსირებს, რომ საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა იმიტომ, რომ აშშ აღარ აპირებს ძველი ტემპებით და მოცულობით, როგორც ჩანს, დახმარების გაწევას. ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი. ვერავინ ვერ დაავალდებულებს სხვა სახელმწიფოს, რომ ათობით და ასობით მილიარდი გამოყოს. ეს რეალობაა. აქ ვინმეს სიმპათიებზე არ არის საუბარი და ჩვენ ამ სიტუაციაში ვის მხარეზე ვიყავით მთელი ამ წლების განმავლობაში და ვის მიმართ გამოვთქვამდით სოლიდარობას მე მგონი ყველასათვის გასაგებია. ეს არის რეალობა. ამ რეალობაში უკრაინის მხარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა სალუქვაძემ.