ამერიკაში, "იელოუსტოუნის" ნაციონალურ პარკში, ძლიერი გეიზერი ამოიფრქვა - ტურისტებმა თავს გაქცევით უშველეს

ტურისტებმა თავს გაქცევით უშველეს

ამერიკულ ნაციონალურ პარკ "იელოუსტოუნში" ძლიერი გეიზერი ამოიფრქვა. ამოფრქვეული ცხელი წყლისა და ორთქლის სიმაღლემ რამდენიმე მეტრს მიაღწია, რის გამოც პარკის ტერიტორიაზე მყოფ ტურისტებს გაქცევა მოუწიათ. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

გეიზერის ამოფრქვევის დროს, იქვე მდებარე ბილიკზე ათობით ტურისტი იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გეიზერმა საფეხმავლო ბილიკები დააზიანა, თუმცა ტურისტები არ დაშავებულან.

ამ დროისთვის, ეროვნული პარკის ის ტერიტორია სადაც გეიზერი ამოიფრქვა, დროებით დაკეტილია. ადგილზე გეოლოგები მუშაობენ.

ცნობისთვის, "იელოუსტოუნის" ეროვნული პარკი, რომელიც 1872 წლის პირველ მარტს დაარსდა, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარეობს. მისი ფართობი 8980 კვ.კმ-ია და ის პირველი ეროვნული პარკია მსოფლიოში, რომელიც განთქმულია თავისი ველური ბუნებით, თერმული წყლებით, ამავდროულად - ენდემური და რელიქტური ფლორით და ფაუნით, რომელთა დიდი ნაწილი “წითელ წიგნშია" შეტანილი. ის მსოფლიოში ყველაზე მონახულებად პარკად მიიჩნევა.