ამდენი წელია ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან - შალვა პაპუაშვილი ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებაზე

შალვა პაპუაშვილი

ეს არის არასერიოზული - რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ?! თავისივე გაგზავნილი მოწვევა მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა არასერიოზულია, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მიღებაზე საქართველოს პრემიერისთვის მიწვევის გაუქმებას.

„ადმინისტრაციის მხრიდან რაც ვიხილეთ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ამერიკისა და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა. მეორე მხრივ, ხანდახან რაც უფრო მკვახე თუ აუხსნელია ასეთი ქმედებები ან რაც უფრო მძიმეა გარკვეული ქმედებები, ეს პირდაპირ ინდიკატორია საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობის. ეს გვაჩვენებს, რომ იმდენად სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ ოპოზიციას უბიძგოს და სალაპარაკო თემა მისცეს. სამწუხაროდ, ესეც ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის. რაც შეხება ზოგადად ამ საქციელს, ვერანაირად ვერ შევაფასებთ. ერთი რამის თქმა შეიძლება, ამდენი წელია, ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან, სულ მცირე, ეს შეეძლოთ, წაეღოთ ქართველი ხალხისგან. როგორც ჩანს, ეს სათანადოდ ვერ გავუზიარეთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.