„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
2007 წლის 7 ნოემბრის საღამოს სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედშიც“ შემოიჭრა, დაარბია, აპარატურა გაანადგურა და არხის მაუწყებლობა გაითიშა. პროცესები ტრაგიკულად ტელევიზიის მიმდებარედ, საღამოს 7 საათიდან განვითარდა, მაშინ როცა იმედის გარშემო ათეულობით სპეცრაზმელი გამოჩნდა.
შეიარაღებულმა ნიღბიანმა ძალოვნებმა გარე პერიმეტრის დაკავების შემდეგ, რკინის ჯებირები გადაკვეთეს, შენობაში შემოვიდნენ, თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს და აპარატურა დალეწეს. ამ ყველაფერს წინ მაშინდელი მაღალჩინოსნების განცხადებები უძღოდა. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები „იმედის“ ჟურნალისტებს სიტუაციის ესკალაციაში ადანაშაულებდნენ.
მოგვიანებით, „იმედის“ დარბევის საქმეზე დაკითხულმა ყოფილმა სპეცრაზმელებმა ჩვენებებში დეტალურად გაიხსენეს რომ „იმედში“ შესვლის ბრძანება ზურაბ ადეიშვილისა და დათა ახალაიასგან მოდიოდა. მაშინდელი გენპროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია კი „იმედის“ შენობის დალუქვას ითხოვდა.
დარბევის და „ტელეიმედის“ ხელში ჩაგდების შემდეგ იყო რამდენიმეთვიანი პაუზა და სახე შეცვლილი ტელეკომპანია სადაც სარედაქციო პოლიტიკას არა არხის მენეჯმენტი არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები განსაზღვრავდნენ. უკანონოდ მითვისებული „ტელეიმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს 2012 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც ქვეყანაში სააკაშვილის მმართველობა დასრულდა.
ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა - ეს არიან ის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთაც გამოძიება 7 ნოემბრის აქციის დარბევასა და იმედში შეჭრას ედავება.
7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ.
„7 ნოემბრამდე მივდიოდით. ეს ყველაფერი დაიწყო ბევრად უფრო ადრე. ყელში ვყავდით გაჩხირულები, იმიტომ რომ არ ვაძლევდით საშუალებას მოეტყუებინათ, არ ვაძლევდით საშუალებას არჩევნები გაეყალბებინათ. რაც მთავარია, არ მივეცით საშუალება, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ამბავი დაემალათ.
დამსხვრეული იყო ყველაფერი. ფეხმძიმე ჟურნალისტი იატაკზე, შიშველი იარაღით თავზე დამდგარი ხალხი.
ხალხი დაიჭირეს ჩვენ გარშემო. ჩემზე 3 საქმე იყო გახსნილი. იმან გადამარჩინა, რომ ამერიკის მოქალაქე ვარ, მაგრამ სამაგიეროდ დაიჭირეს ჩემი დეიდაშვილი, დაიჭირეს ჩემი მეგობარი, ჩემი პარტნიორი, თან ყველას ეუბნებოდნენ: „ირაკლის ვერ ვიჭერთ, იმიტომ გიჭერთ თქვენ“.
ამ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა, ძალიან სამწუხაროდ, ისევ ის ხალხია - ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ხალხი, რომელიც მათთან არის. ჯერ ერთი, გადანაწილებულები არიან სხვადასხვა პარტიაში და მერე, სხვადასხვა პარტია რაღაცნაირად მათ გვერდზე დადგა. ამიტომ, სანამ ეს ხალხი არსებობს, სანამ არის საშიშროება, რომ ეს ხალხი დაბრუნდეს... ზუსტად ვიცით, რას იზამენ, იმიტომ რომ ნანახი გვაქვს ეს კინო. მათ სხვა არაფერი იციან. სხვა რომ სცოდნოდათ, მაშინაც სხვანაირად მოიქცეოდნენ. ალბათ ბევრად უფრო ეფექტურად მოგვიწყობენ 7 ნოემბერს და დახურავენ ამ ტელევიზიებს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ხალხი არასოდეს დაბრუნდეს უკან“, - აცხადებს რუხაძე.