მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
ბრიუსელთან აქტიური კომუნიკაცია აქვს ოპოზიციას, რომელიც, "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მუშაობს. სააგენტოს ცნობით, ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს და ცდილობს დაარწმუნოს, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბრიუსელში მსჯელობენ "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ვიზების დაწესებაზე, თუმცა ოპოზიცია მათ არწმუნებს, რომ მხოლოდ ეს ნაბიჯი უშედეგო იქნება.
"პრაიმ ტაიმის" ცნობით, ევრობიუროკრატებისთვის ეს საპირისპირო არგუმენტია, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ თუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაშიც, მოქალაქეები ხელისუფლებას არ შეცვლიან, მაშინ ევროპიდან იძულებულები იქნებიან, მოქმედ ხელისუფლებას ესაუბრონ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ნებისმიერი ქმედება მისაღებია.
"ამ პოლიტიკური პარტიებისთვის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, ყველაფერი მისაღებია, ნებისმიერი ქმედება. სახელმწიფოს დააზიანებს, საზოგადოებას დააზიანებს თუ სხვა რამეს დააზიანებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თვითონაც არაერთხელ ვარ მომსწრე, სხვა პოზიციიდან, სხვა როლში, ეს ადამიანები როგორ უყენებდნენ ისეთ მოთხოვნებს, რომელიც, საბოლო ჯამში, ქვეყანას დააზიანებდა და დღესაც, ფაქტია აგრძელებენ ისევ ამ ქმედებას. რატომ? ეს არის მთავარი. იმიტომ, რომ ამ უვიზო რეჟიმის გაუქმებას ხედავენ, როგორც შესაძლებლობას და პოლიტიკური ბრძოლის იარაღს. მაშინ, როდესაც შიგნით არანაირი იარაღი და ბერკეტი აღარ დაგრჩენია, გარედან მსგავსი ტიპის წნეხით ცდილობენ, რომ მოახდინონ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური ცვლილებები", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.