ამ მოთხოვნების შესრულება ნაკისრი გვაქვს, იმიტომ, რომ გვინდა ევროკავშირის წევრები ვიყოთ და მათ შორის, უვიზო მიმოსვლით ვსარგებლობდეთ - ირაკლი ფავლენიშვილი პლებისციტის შესახებ

ირაკლი ფავლენიშვილი

"ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივას, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად პლებისციტი ჩაატაროს, რათა გაირკვეს, რა არის ხალხის დაკვეთა, შეფასებები კეთდება ოპოზიციაში.

საუბარია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" კითხვაზე - "ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ, მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება."

ოპოზიციის ნაწილი ისევ ამბობს, რომ კანონები ევროპულ კავშირთან ფუნდამენტურ აცდენაშია.

"არსებობდა კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც იყო ჩამოთვლილი. ძალიან ბევრი მოთხოვნაა და ამ მოთხოვნების შესრულება ნაკისრი გვაქვს, იმიტომ, რომ გვინდა ევროკავშირის წევრები ვიყოთ და მათ შორის, უვიზო მიმოსვლით ვსარგებლობდეთ და იმ სიკეთეებით, რომელიც ევროპასთან გვაკავშირებს," - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი.

შეფასება გააკეთა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, რუსუდან თევზაძემ.

"მათი ნებაა რა კითხვებს დასვამენ, რა ნარატივს განავითარებენ. ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგი. დასავლეთის ვექტორი და ევროპული ვექტორი დგას ადამიანის ღირსებაზე, ადამიანის თავისუფლების პატივისცემაზე. ეს მათ გაარჩიონ, არის თუ არა აცდენილი" - ამბობს რუსუდან თევზაძე.