ლარი ევროსთან და დოლართან გამყარდა - ნახეთ ახალი კურსი
1755263032
მამუკა ხაზარაძე კვლავ ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრობს. "მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული", - წერს "ლელოს" ლიდერი სოციალურ ქსელში.
სიცრუესა და თაღლითობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში, სადაც ხაზარაძეს ორი საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ახსენებენ.
"ქართულ ოცნებას" უპასუხეს "ლელოში". პარტიის საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, არბიტრაჟმა ორივე შემთხვევაში შინაარსობრივად სხვა საკითხზე იმსჯელა და არა მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარიძის ქმედებებზე.
"არბიტრაჟს არავინ არც გაუმართლებია და არც გაუმტყუნებია. არბიტრაჟმა იმსჯელა მარტივ კითხვაზე - გააჩნდა თუ არა საქართველოს სახელმწიფოს უფლებამოსილება, შეეწყვიტა კონტრაქტი. არბიტრაჟმა განიხილა არსებითად სხვა საკითხი და არა მამუკაზე ან ბადრიზე დაადგინა რამე, მსგავსი არ ყოფილა, შეგიძლიათ ნახოთ. ის, რაც საჯაროდ არის, იქაც ნახავთ, რომ არბიტრაჟმა ორივე შემთხვევაში იმსჯელა სხვა საკითხზე", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
საკითხზე ისაუბრეს "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაშიც". პარტიის გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილისთქმით, ანაკლიისა და ლაზიკის პროექტის იდეა სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობს" ეკუთვნოდა.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტზე საუბრისას გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს საუკეთესო გეოპოლიტიკური ინტერესები.
"ანაკლია და ლაზიკის პროექტი სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობს" ეკუთვნის. როცა ეს პროექტი განხორციელდება, უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს საუკეთესო გეოპოლიტიკური ინტერესები.
აქ არ უნდა შემოვიდნენ ის ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ ჩვენი უმთავრესი პრინციპებისა და ღირებულებების მიმართ, არამედ აქ უნდა შემოვიდნენ ჩვენი პარტნიორები. კონკრეტული ადამიანების სახელებსა და გვარებს ამ ეროვნულ საქმეში მნიშვნელობა არ აქვს",- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.