ამ დოკუმენტის მიზანი იყო პოლიტიკური მიზნებისთვის მისი გამოყენება, გამართლება საკუთარი ორმაგი სტანდარტების. დოკუმენტი ძალიან შორს არის ობიექტურობისგან - ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე

ლევან მახაშვილი

რატომ არის ამოღებული ევროკომისიის ანგარიშიდან უკრაინისა და მოლდოვის შესახებ კორუფციისა და ადამიანის უფლებების საკითხი, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების და მათ შორის საქართველოს შემთხვევაში, მიმოხილული ექვსივე თავიდან, ამ ორი კონკრეტული მიმართულებით დოკუმენტში ვრცელი ანალიზია და მოთხოვნა? - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროკომისიამ ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად დამალა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, დოკუმენტი ძალიან შორს არის ობიექტურობისგან და მისი მიზანი ორმაგი სტანდარტების გამართლებაა.

"ამ დოკუმენტის მიზანი იყო პოლიტიკური მიზნებისთვის მისი გამოყენება, გამართლება საკუთარი ორმაგი სტანდარტების, სხვადასხვა ქვეყანასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საქართველოსთან დაკავშირებით. ქვეყნებზე, რომლებიც კორუფციის თუ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებითი გამოწვევების წინაშე დგანან, ერთ სიტყვას არ ამბობ ამ ქვეყნებზე, მაშინ, როდესაც საქართველოს აკრიტიკებ, ხშირ შემთხვევაში სრულიად უსამართლოდ და გაუგებარი მიზნებით. დოკუმენტი ძალიან შორს არის ობიექტურობისგან," - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.