ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს?
1736617292
მივა თუ არა პრეზიდენტი ხვალ საგამოძიებო უწყებაში და ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებასთან - ადმინისტრაციას საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ოპოზიცია კი კვლავ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს - აქვე ეხმიანებიან ჯო ბაიდენის მოწოდებას და მიაჩნიათ, რომ არჩევნების არალეგიტიმურობას შტატების პრეზიდენტის განცხადებაც ადასტურებს.
ჯო ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა. განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს, ბაიდენი საუბრობს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რაც მისივე სიტყვებით, დაზიანდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ასევე ამომრჩევლის დაშინებით და იძულებით.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, თუ მას დაიბარებენ - ჩვენების მისაცემად საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს.
"განცხადებებს ხედავთ, რაც მოდის, მტკიცებულებები არის უამრავი, ზღვა. არაფერი მაგათ არ უშველით ჩემი აზრით. ჩვენებაზე არ მივალ. არა მგონია, ჩემი რჩევა იქნება, რომ არ მივიდეს ჩვენების მისაცემად [პრეზიდენტი] და მაგ სისულელეში მონაწილეობა არ მიიღოს, მაგრამ მემგონი თვითონაც არ იზამს და ჩემი რჩევა არ დასჭირდება," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების გამოძიება უნდა ჩაატაროს შესაბამისმა საერთაშორისო მისიამ და არა პროკურატურამ.
"გამოძიება ამ არჩევნების უნდა ჩაატაროს შესაბამისმა საერთაშორისო მისიამ, იმიტომ, რომ პროკურატურა ამ პროცესს, თუ ეს პროცესი წარიმართა, გამოძიების, ფიქრობს, რომ გამოიყენებს ისევ ოპოზიციის და ხალხის დასაშინებლად, მე როგორც ვიცი - იბარებენ ხალხს კომისიებში ვინც დაწერეს საჩივარი, პროკურატურაში დაკითხვაზე. აბსურდში მონაწილეობას მე პირადად არ ვაპირებ," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.