ამ ანგარიშით კმაყოფილები ვართ, არის შენიშვნები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ - ლევან მაჭავარიანი ეუთო/ოდირის დასკვნაზე

ლევან მაჭავარიანი

"ეუთო/ოდირმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, რომ ყველას ჰქონდა საშუალება, ეწარმოებინათ თავისი საარჩევნო კამპანია, ნებისმიერ სუბიექტს", - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გააკეთა, რომელიც ეუთო/ოდირის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება.

მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდი მზადაა რეკომენდაციებზე იმუშაოს.

"ჩვენ ამ ანგარიშით კმაყოფილები ვართ. იქ არის რაღაც ტიპის შენიშვნები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ. ეუთო/ოდირმა გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი, რომ ითანამშრომლოს არჩეულ ხელისუფლებასთან ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველაფერი გავითვალისწინოთ, ის, რაც მიზანშეწონილად მიგვაჩნია. ეუთო/ოდირმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, რომ ყველას ჰქონდა საშუალება, რომ ეწარმოებინათ თავისი საარჩევნო კამპანია, ნებისმიერ სუბიექტს. ეუთო/ოდირმა ასევე ხაზი გაუსვა თუ რამდენად მაღალ დონეზე ჰქონდათ ცესკოს ყველაფერი ადმინისტრირებული და შესაბამისად ეს დასკვნა არის პოზიტიური", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.