ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ჩვენ მომსწრენი ვართ არა სამართლებრივი პაექრობის, არამედ ეს არის პოლიტიკური შოუს წარმართვის მცდელობა. ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ პოლიტიკურ პოლიგონად და ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გამოიყენონ

ალუდა ღუდუშაური

ჩვენ არა სამართლებრივი პაექრობის მომსწრენი ვართ, არამედ ეს არის პოლიტიკური ელემენტების მიერ პოლიტიკური შოუს წარმართვის მცდელობა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ პოლიტიკურ პოლიგონად და ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გამოიყენონ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის გამოსვლებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მოპასუხე მხარე დაკავებულია არა არგუმენტების შეჭიდებით, არამედ შოუს დადგმით.

„ძალიან საინტერესო და ისტორიული პროცესის მომსწრენი ვართ. ესეც არის დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესი. ვგულისხმობ იმას, რომ სასამართლოს ფილტრი გაიაროს და კონსტიტუციურობასთან თანხვედრაში დაიტესტოს ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის და ამ შემთხვევაში მოპასუხეთა ქცევა რამდენად რელევანტურია, რაც, დარწმუნებული ვარ, მომდევნო თაობებისთვის და მათ შორის პოლიტიკური ისტორიისთვისაც მნიშვნელოვანი გზამკვლევი იქნება.

არ შეიძლება, რომ პოლიტიკური პარტია იქმნებოდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური მანტიის საფარქვეშ აკეთოს ის, რაც მოესურვება, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვიდეს და იმის გამო, რომ ის არის რეგისტრირებული რეესტრში როგორც პოლიტიკური პარტია, ეს იყოს ინდულგენცია“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

✕