ალუდა ღუდუშაური: ჩვენ არ ვართ ჟამთააღმწერლები, რომ მხოლოდ შეშფოთება გამოვთქვათ - ჩვენ პირობას ვდებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასოდეს დაბრუნდეს ხელისუფლებაში

ალუდა ღუდუშაური

ჩვენ არ ვართ ჟამთააღმწერლები, რომ მხოლოდ შეშფოთება გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ დიდი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სისასტიკე და არაადამიანობა. ჩვენ პირობას ვდებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი თავისი დანამატებითა და განშტოებებით ვერასოდეს ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

„მართლაც გამაოგნებელი არის ის, რასაც ქართული საზოგადოებაა კომისიის ფორმატში ხედავს, უყურებს, უსმენს - წარმოუდგენელი. თითქოს ჩვენ, ქართველმა ხალხმა ვიცოდით, თუ რა სისასტიკეს სჩადიოდა მწამებელი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, თუმცა მოსმენილი და ის, რასაც ჩვენ კომისიის ფორმატში ვხედავთ და ქართული საზოგადოება ხედავს, მართლაც წარმოუდგენელია. არ ვიცი რა შეიძლება ეწოდოს იმ სისასტიკეს, რომელსაც სჩადიოდნენ და რომელსაც ეს ადამიანები არამცთუ ინანიებენ, დღესაც გვემუქრებიან და ემუქრებიან საზოგადოებას.

მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დღემდე, რაც ჩვენ კომისიის ფორმატში მოვისმინეთ, მე პირადად მაძლევს იმის საფუძველს ხმამაღლა ვთქვა, რომ დიახ, ეს იყო რეჟიმი, რომლის ქმედებებსაც ჰქონდა სისტემური, განგრძობადი ხასიათი და ეს იყო დიახ, იმდაგვარი ქმედება, რასაც თავის დროზე ფაშისტები სჩადიოდნენ, არაფრით განსხვავდება მათი ქმედებები მაგალითად, მხუთავი აირით გაზის კამერებში ადამიანების ამოხოცვისგან. წყლის ორი წვეთივით ჰგავს ერთმანეთს ის ტრაგედიები და ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ხელწერა არის ერთი, რომლის მთავარი შემოქმედი გახლდათ მთლიანად ეს მათი პოლიტიკური ვერტიკალი - სააკაშვილიდან დაწყებული დამთავრებული მათი შემსრულებლებით, ხელის ბიჭებით, რომლებსაც ხან კუდი წარმოადგენდა, ხან სხვა სახელმწიფო უწყებები, რომლებიც პირდაპირ ჰქონდათ მორგებული ასეთ არაადამიანურ ფაქტებზე. არ ვიცი რომელი ერთი საქმიდან გამოვყო ის სისასტიკე, რომელსაც ჩვენ კომისიის წევრები ვაწყდებით და საზოგადოება ისმენს დღითი დღე“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, ეს საქართველო იქნება ამ სიბოროტისგან დაცლილი და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

„წარმოუდგენელ ფაქტებთან გვაქვს შეხება. მე მინდა აქვე ყველას ვუთხრა და ვუთხრა პირველ რიგში ჩვენს შვილებს, მათ შვილებსაც მინდა ვუთხრა იმიტომ, რომ ჩვენმა შვილებმა ერთ ქვეყანაში, ერთი ცის ქვეშ უნდა იცხოვრონ, უნდა იცხოვრონ ბედნიერი და ნათელი მომავლის საქართველოში და არა ისეთში, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ უქადდა და უწყობდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალ თაობას. ეს საქართველო იქნება ამ სიბოროტისგან დაცლილი. მე ყველას მინდა ვუთხრა და პირობა დავდო, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ, როგორც ჟამთააღმწერლები, რომ მოვისმინოთ ეს და შეშფოთება ან გაოცება გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ დიდი იყო მათი სისასტიკე, არაადამიანობა, სიბოროტე. არა ჩემო მეგობრებო, ჩემო თანამოქალაქეებო, ეს ასე არ იქნება.

ჩვენ პირობას ვდებთ, რომ დიახ, ეს იქნება ქმედებაში ასახული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ყველაფერს მოჰყვეს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დანამატებით, განშტოებებით ვერასოდეს, ხაზს ვუსვამ, ვერასოდეს ვერანაირი ქმედების შედეგად, ვერანაირი მაქინაციებით, ძალისხმევით და შეფარული ცრუ ქმედებებით ვერ მიაღწევს იმას, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.