ალექსანდრე წულაძე: საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისმა სამიტმა არაერთი ხელშესახები შედეგი მოუტანა უკვე ჩვენს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაფართოვდება თანამშრომლობის სფეროები

ალექსანდრე წულაძე

დღეს იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში, ფაქტობრივად, მთელი მთავრობის შემადგენლობით, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისმა სამიტმა არაერთი ხელშესახები შედეგი მოუტანა უკვე ჩვენს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაფართოვდება თანამშრომლობის სფეროები საქართველოსა და უნგრეთს შორის, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება მნიშვნელოვანი შეთანხმებები სამინისტროებს შორის, რაც პირდაპირ აისახება როგორც საქართველოს, ისე უნგრეთის მოქალაქეებზე.

„უმაღლესი განათლების სამივე დონეზე, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრამა - „Stipendium Hungaricum“ რომლის საშუალებითაც, ქართველ სტუდენტებს აქვთ საშუალება განათლება მიიღონ უნგრულ უნივერსიტეტებში და ეს ყველაფერი სრულად ფინანსდება უნგრული მხარის მიერ. ასევე, მათ ენიშნებათ სპეციალური სტიპენდია საქართველოს მთავრობის მხრიდანაც. აღნიშნული პროგრამით ათეულობით სტუდენტი სარგებლობს და ჩვენი მიზანია ამ ფორმატის გაფართოება. ასევე, გვსურს, კვლევით ნაწილში ქართველ და უნგრელ ახალგაზრდა მეცნიერებს შორის თანამშრომლობის გაფართოება და ახალგაზრდული მიმართულებით სხვადასხვა ახალი პროექტის დაწყება“, - აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ.