ალექსანდრე ტაბატაძე გენერალურ პროკურორს: ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან ეფექტურია, ძალიან ბევრი ნარკორეალიზატორია დაკავებული და ამაში დიდია თქვენი როლი

ალექსანდრე ტაბატაძე

გენერალურ პროკურორს პარლამენტში უსმენენ. გიორგი გვარაკიძე ანგარიშს რამდენიმე წუთში პლენარულ სხდომაზე წარადგენს, მანამდე კი გენპროკურორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იმყოფებოდა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია უწყების მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფულის გათეთრებას, ორგანიზებულ და ნარკოტიკულ დანაშაულებს, ქალთა მიმართ ძალადობას, ტერორიზმსა და პირადი ცხოვრების ხელყოფას.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე აცხადებს, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს.

"ცხადია, რომ დღეს პროკურატურის საქმიანობა და მუშაობა არის ძალიან ეფექტური. განსაკუთრებით ეს შეინიშნება ორგანიზებულ დანაშაულთან: ისეთთან, როგორიც არის ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა. აწუხებს საზოგადოებას ეს სენი, რაც არის ქურდული სამყარო. ეს საქართველოში აღარ უნდა ვრცელდებოდეს.

ასევე, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაა ძალიან ეფექტური, ძალიან ბევრი ნარკორეალიზატორია დაკავებული და ამაში დიდია თქვენი როლი", - აცხადებს ტაბატაძე.