1747980527
ალექსანდრე დარახველიძე - ევროკავშირის დელეგაციის წევრთან დაკავშირებით ინციდენტი ამოწურულია, ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული ქმედება, მას აქვს საშუალება, შემოვიდეს საქართველოში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრ საიმონ ვანდერბრუკსთან დაკავშირებით ინციდენტი ამოწურულია.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ დაფიქსირა, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული ქმედება და მას აქვს საშუალება, შემოვიდეს საქართველოში დ
„მსგავს ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადვილი, თუმცა ეს გარკვეული ტიპის ტექნიკური ხარვეზი და შეფერხება იყო. იგივე საკითხთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს საუბარი კონკრეტულ დიპლომატთან ჰქონდათ. ჩვენი მხრიდან პოზიცია დაფიქსირდა, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული ქმედება, იყო გარკვეული სახის შეცდომა. შესაბამისად, განემარტა, რომ ამ ადამიანს საქართველოში შემოსვლის და დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობის უფლება აქვს, რაც ვენის კონვენციით და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით არის განსაზღვრული. ინციდენტი ამოწურულია და მგონი, ამაზე დამატებით საუბარი არ ღირს. ეს იყო გარკვეული სახის ტექნიკური შეცდომა, რაზეც შესაბამისი კომუნიკაცია იყო კონკრეტულ მხარესთან. განემარტა აღნიშნულის თაობაზე. მას აქვს საშუალება, ჩვეულებრივად შემოვიდეს საქართველოში და ისარგებლოს იმ დიპლომატიური იმუნიტეტით, რასაც მას საერთაშორისო აქტები აძლევს“, – განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს. მათი განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა და საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა.
ამასთან, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გაკეთდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. როგორც უწყებაში განმარტეს, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას და საკითხი ამოწურულია.