ალეკო ელისაშვილმა გუშინდელი აქციის დროს, დადასტურებულ ფაქტად იცოდა, რომ მოსამართლე გააუქმებდა ცესკოს და საოლქო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებს, „ნაცკლასტერის“ პოლიტიკოსებმა წინასწარ იცოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

ალეკო ელისაშვილმა, გუშინდელი აქციის დროს, რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მოსამართლეს თურმე მიღებული აქვს უკვე გადაწყვეტილება და მან დადასტურებულ ფაქტად იცოდა, რომ მოსამართლე გააუქმებდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საოლქო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებს. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

გორდულაძის თქმით, ცალკე შესწავლის საგანია, საიდან იცოდა პოლიტიკოსმა წინასწარ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. მისივე განცხადებით, წარმოუდგენელია, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა წინასწარ იცოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რაც შემდეგ რევოლუციის და გადატრიალების მცდელობისთვის უნდა გამოეყენებინათ.

„რა იცოდა პოლიტიკოსმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რა იცოდა, რა ედო თავში მოსამართლეს და რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ცალკე შესწავლის საგანია. წარმოუდგენელი ინფორმაცია ვრცელდება, რომ თურმე, მოსამართლემ თავის შინაგანი რწმენის და მტკიცებულებებზე დაყრდნობით კი არ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ, თურმე, პოლიტიკოსებმა და კონკრეტულად „ნაცკლასტერის“ შემადგენელმა პოლიტიკოსებმა, წინასწარ იცოდნენ სასამართლოს მისაღები თუ უკვე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე და მერე ეს ყველაფერი გამოყენებული უნდა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში რევოლუციისა თუ გადატრიალების მცდელობისთვის, რაც ასევე წამოსცდა თინა ხიდაშელს, რომელმაც პარალელი გაავლო 2003 წელს, ბოლნისში სასამართლო გადაწყვეტილებასთან და მერე ეს ყველაფერი გამოყენებული იქნა ე.წ. „ვარდების რევოლუციისთვის“.“ - აღნიშნა გორდულაძემ.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და დანარჩენ პარტიებს სურდათ სასამართლოს გამოყენება ქვეყანაში არეულობის შემოტანის მიზნით და სწორედ ამის გამო მიმდინარეობდა ოპოზიციის მხრიდან სასამართლოს წინააღმდეგ კამპანია. რაც შეეხება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას, რომლის ცოლი ოპოზიციონერი აქტივისტია, გორდულაძის თქმით, ასეთ დროს აცილება უნდა გამოეყენებინა.

„სავარაუდოდ, დიდი ალბათობაა და არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის კლასტერში შემავალ პარტიებს სურდათ სასამართლოს გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა შემოეტანათ. სწორედ ამიტომ არის,რომ ისინი წლების განმავლობაში იმეორებენ და ახსენებენ „კლანს“ სასამართლოსთან მიმართებით, რითაც, ცდილობდნენ რომ ერთი მხრივ ჩამოეშალათ სასამართლოს რეპუტაცია, ხოლო მეორე მხრივ, ჩაეგდოთ სასამართლო ხელისუფლება ხელში, რათა ასეთი გადაწყვეტილებები, როგორიც თეთრიწყაროში იქნა მიღებული, მრავლად ყოფილიყო და შესაძლებლობა ჰქონოდათ მათ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებულიყვნენ. ალეკო ელისაშვილი და ოპოზიციონერები წინასწარ იყვნენ საქმის კურსში, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე, სხვათა შორის, ის მოსამართლე, რომლის მეუღლეც არის ცნობილი აქტივისტი და პირდაპირი მნიშვნელობით ლანძღვით გამოირჩევა როგორც ქართველი ხალხის, ასევე, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების მიმართ, პარტიის წვერებს და პოლიტიკოსებს რომ თავი დავანებოთ. ის ჩვეულებრივ რიგით ამომრჩევლებს ლანძღავს და ასეთი ადამიანის მეუღლე იღებს გადაწყვეტილებას ჩვენს ქვეყანაში ელექტრონული სისტემით ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც მინიმუმ, მას აცილება უნდა გამოეყენებინა და ასეთი საქმე არ უნდა განეხილა, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ალბათობით, იგი მიკერძოებულიც შეიძლება ყოფილიყო და კიდევ უფრო სკანდალურია, როდესაც მისი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იცოდნენ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.“ - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.