1788512615
აგენტურის დახმარებით, უნდათ, რომ აქ ისევ რაღაც დაძაბულობა, ესკალაცია მოახდინონ, ისევ შეტევა განახორციელონ ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე - ირაკლი ზარქუა
"ქართულ ოცნებაში" ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის პოზიციას იზიარებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია მორიგი კონსპირაციებით ცდილობს ფაქტების დამახინჯებას, თუმცა, რეალური არგუმენტების არარსებობის გამო, მათი პოლიტიკური სპეკულაციები კვლავ უშედეგოა.
"ხან აშანტაჟეს, ხან იმის გამო, რომ ფინანსები წაართვეს, გააკოტრეს შვეიცარიული ბანკი. ხან რაღაც სიგიჟეები მოუგონეს, მაგრამ ეს კაცი მყარად დგას ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ეს კაცი დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. მის ოჯახი დგას ეროვნული ღირებულებების სადარაჯოზე. რამდენი რევოლუციური სცენარი ჰქონდათ დაგეგმილი, არაფერი გამოუვიდათ. ახლა მორიგ ჯერზე ისევ დადგა შემოდგომა და ახლა იწყებენ ისევ ახალი, მათი პატრონების და აი, ამ აგენტურის დახმარებით, უნდათ, რომ აქ ისევ რაღაც დაძაბულობა, ესკალაცია მოახდინონ, ისევ შეტევა განახორციელონ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და მის ოჯახზე.
ჩვენ ვნახეთ, ხომ ამ უსამშობლოების და მათ, მათთან აფილირებული კიდევ არასამთავრობო ორგანიზაციების, ე.წ. ექსპერტების საერთაშორისო არენაზეც, შიდა არენაზეც მცდელობა, რომ აქ რევოლუცია მოეხდინათ. მათ შორის, ჩვენ მთელი ეს წლებია ვხედავთ, როგორ უტევენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს, მის ფინანსებს, მის კაპიტალს, მაგრამ ვერაფერი ვერ გააწყვეს," - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომან გოცირიძისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შტატებში ვილის 51-ნახევარ მილიონ დოლარად გაყიდვასთან დაკავშირებით, რომლებმაც ფაქტი ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირეს. შათირიშვილი რომან გოცირიძის ნააზრევს "პროპაგანდისტულ გზავნილად" აფასებს და აცხადებს, რომ გოცირიძე ცდილობს მისი მცირეოდენი მკითხველისთვის ფაქტად წარმოაჩინოს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ უკანონოდ იქცეოდა. შათირიშვილი, ასევე, აღნიშნავს, რომ რომან გოცირიძის მხრიდან იმისი მოლოდინი, რომ გიორგი ბაჩიაშვილი "ალაპარაკდება" ფუჭია, რამდენადაც მას ამისი საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა, მაგრამ "მყვირალა" განცხადებების მეტი არაფერი უკეთებია. შათირიშვილის შეფასებით, ქართულ ოპოზიციას კვლავ ერთ წრეზე სიარულის გაგრძელება მოუწევს, თუ "ღია კარის მტვრევას" არ შეეშვება და გარე ძალების იმედად ყოფნას თავს არ დაანებებს."











