აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ირაკლი ბაღათურია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა, რომელიც ჩაიბარებს განახლებულ სტრუქტურას, რომლის ჩამოყალიბებაც რეორგანიზაციის პროცესის შედეგად განხორციელდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ირაკლი ბაღათურიას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2021 წლიდან იკავებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობას.

აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებულ აფხაზეთის მთავრობის სამივე წარმომადგენლობაში ფუნქციონირება განაახლა და განცხადებების მიღება დაიწყო ყველა შესაბამისმა კომისიამ.

კომისიების ფარგლებში, დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადი მატერიალური დახმარების მისაღებად წარადგინონ შესაბამისი განცხადება, ასევე დევნილობის სტატუსის მაძიებელ პირებს შეუძლიათ მიმართონ ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და/ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით.

აღნიშნული რეორგანიზაცია მიზნად ისახავდა სტრუქტურული ერთეულების ეფექტიანობის გაზრდას, დევნილთა საჭიროებებზე მორგებულ სწრაფ და კოორდინირებულ რეაგირებასა და აფხაზეთის მთავრობის რეგიონული პოლიტიკის გაძლიერებას.