ადამიანს თუ ყოფნის იმის სითამამე, რომ დაარღვიოს კანონი, დარწმუნებული ვარ, იმის სითამამეც ეყოფა, მიიღოს ის შედეგი, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე

ყველა ზრდასრული ადამიანია, ყველა იცნობს საქართველოს კანონმდებლობას, ყველამ ეს ნაბიჯი გადადგა გააზრებულად. ასე რომ, რომ შედეგსაც ყველა შეგუებული იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია საქართველოს პარლამენტის მანდატით მუშაობს და ეს არის კონსტიტუციაში გათვალისწინებული ინსტრუმენტი.

„ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების არდაყოლა. ეს ყველამ მშვენივრად იცის. ყველამ იცოდა, რა იქნებოდა ამის შედეგი. ყველა გააზრებულად და განზრახ წავიდა ამ დარღვევაზე. თუ ყოფნის ადამიანს იმის სითამამე, რომ დაარღვიოს კანონი, დარწმუნებული ვარ, იმის სითამამეც ეყოფა, მიიღოს ის შედეგი, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული გირაო პატიმრობით შეუცვალა, ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზში დააკავეს.