ადამიანს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია, მოუწოდებს არასრულწლოვნებს საპროტესტო აქციებში ჩაერთონ, საზოგადოება მის ქმედებებს შესაბამის პასუხს გასცემს - კალაძე

კალაძე

ადამიანს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია, მოუწოდებს არასრულწლოვნებს საპროტესტო აქციებში ჩაერთონ, საზოგადოება მის ქმედებებს შესაბამის პასუხს გასცემს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციებზე მიმდინარე პროცესები, განადგურებული ინფრასტრუქტურა და დაშავებული სამართალდამცველები ევროპულ ღირებულებებს არ წარმოადგენს.

„კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ ევროპის ზოგიერთი მაღალჩინოსნისა და ევროპარლამენტარის მხრიდან, რა განცხადებებიც კეთდება, როგორ შანტაჟდება ქვეყანა მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნის საკითხით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც უკვე მრავალჯერ ითქვა, რაზეც პრემიერი თავის გამოსვლაში ყოველთვის ხაზს უსვამს – დადეთ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და საქართველოს ხელისუფლება მზად არის დღესვე მოაწეროს ამ ყველაფერს ხელი.

ყველამ ვიცით, რომ ევროპა, მხოლოდ სიტყვები არ არის. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რაზე არის დაფუძნებული. ეს არის ის მთავარი ღირებულებები, რაც ძვირფასია ჩვენთვის. რა არის ის ძირითადი პრინციპები, საძირკველი, რაზეც ევროპა არის დაფუძნებული. უპირველესად, როდესაც დაფუძნდა, ეს იყო მშვიდობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და დაცულობა, საკუთრების უფლებების დაცვა. ეს არის ის ღირებულებები, რაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის. როდესაც ჩვენ ვამბობთ, გვინდა ევროპა, უპირველესად, საქართველოში უნდა ვიცხოვროთ ევროპულად და ყველამ უნდა დავიცვათ ის ღირებულებები, რაზეც ახლა ვსაუბრობდი. პატივისცემა, განსხვავებული აზრის მოსმენა და ა.შ.

თუმცა სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ სრულად საპირისპირო ქმედებებს დაზიანებული, განადგურებული ინფრასტრუქტურით, დაშავებული სამართალდამცველებით, მოქალაქეებით, რომლებიც ისვრიან ყველაფერს, რისი საშუალებაც გააჩნიათ, მათ შორის იყენებენ არასრულწლოვნებს, ბავშვებს. ეს წარმოუდგენელია, კატეგორიულად მიუღებელია. გუშინ საზოგადოებამ მოისმინა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ის სკოლის მოსწავლეებთან მიმართებით აკეთებდა მოწოდებებს. არ ვიცი, წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. ჯერ კიდევ ადამიანს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია, მოუწოდებს ბავშვებს, არასრულწლოვნებს საპროტესტო აქციებში და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ. ნუ ეს ადამიანი, არ ვიცი, მგონი, საერთოდ ვეღარ აზროვნებს და გამოსულია წყობიდან. ის ქმედებები, რომლებსაც ვხედავთ, მისი მხრიდან წარმოუდგენელია. ეს პირდაპირ მეტყველებს, რომ არ წარმოადგენს ამ ქვეყანას და ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. რა თქმა უნდა, საზოგადოება მის ქმედებებს გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.