ადამიანის უფლებათა კომიტეტის ლიდერები მხარს უჭერენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის მოწოდებას, ყველა მხარე ჩაერთოს დიალოგში - ეუთოს წარმომადგენლები

ეუთო/ოდირი

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისა და ძალადობის შესახებ ცნობების ფონზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლუსი პოტუჩკოვა კომიტეტის თანამომხსენებელთან, კარინა ოდებრინკთან ერთად კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცავს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლება.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ შექმნილი ვითარებით, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ცნობები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ, რომლებიც იყენებენ თავიანთ ფუნდამენტურ უფლებებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის შეწყვეტის მიზნით. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ცნობებით მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ, ასევე ოპოზიციური ხმებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული ძალადობისა და დევნის გამო. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული საქართველოს კონსტიტუციისა და ეუთო-ს ვალდებულებების შესაბამისად. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, როგორც ეს ნათქვამია ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამის პუნქტებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ძალის გადამეტებული და განურჩეველი გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცველების მხრიდან წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლების სერიოზულ დარღვევას.

„ჩვენ მტკიცედ ვიმეორებთ, რომ ძალის გადამეტებული და განურჩეველი გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცველების მხრიდან წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლების სერიოზულ დარღვევას. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა სამართალდამცავმა ორგანომ პატივს სცეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად გამოიძიოს ნებისმიერი ინციდენტი და ბრალდება აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებული ძალის ან არასათანადო ქმედებების შესახებ, როგორც ამას საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს, ჩვენ ვიზიარებთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ამოქმედებისა და საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ. ჩვენ ასევე სრულად ვუჭერთ მხარს ეუთო-ს „ტროიკის“ – მალტის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ფინეთის 13 დეკემბრის განცხადებას, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენონ სხვადასხვა ინსტრუმენტი და გამოცდილება, რომელთა შეთავაზებაც ეუთო-სა და მისი ინსტიტუტებს შეუძლიათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის ლიდერები მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის, ლუიშ გრასას მოწოდებას, რომ ყველა მხარე ჩაერთოს კონსტრუქციულ და ღია დიალოგში.