,,ადამიანი, რომელიც შეეცდება ბიუჯეტის ხარჯზე გაისქელოს საკუთარი ჯიბე, ვერასდროს იქნებოდა და ვერ იქნება "ქართული ოცნების" ნამდვილი წევრი - არჩილ გორდულაძე

 არჩილ გორდულაძე

,,ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს" - ასე ეხმაურებიან ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაკავებას მმართველ პარტიაში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის, განმარტებით, სამთავრობო გუნდისთვის კორუფციასთან ბრძოლა მთავარი პრიორიტეტია.

"მიუხედავად იმისა, ადამიანი რა თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს, ან რა თანამდებობას არ იკავებდეს, თუ მას ჩადენილი აქვს დანაშაული, განსაკუთრებით ისეთ დანაშაული, როგორიც არის კორუფცია, რა თქმა უნდა, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

ყველამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ დამნაშავეები არ არიან "ქართული ოცნების" წევრები და არც არასდროს არ ყოფილან. ადამიანი, რომელიც შეეცდება ბიუჯეტის ხარჯზე გაისქელოს საკუთარი ჯიბე, ვერასდროს ვერ იქნებოდა და ვერ იქნება "ქართული ოცნების" ნამდვილი წევრი", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.